
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში იმართება.
თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ.
ქეთევანი 1981 წლის 7 ივლისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების სკოლა და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სასწავლებელი; შემდეგ კონსერვატორიის მაგისტრატურა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა განხრით; ქეთევანი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი; 2005 წელს კი მიენიჭა მაგისტრის წოდება საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.
მისი პირველი წარმატებული სასცენო დებიუტი, 2002 წელს, ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლისას, თბილისის ოპერაში შედგა: მადალენა, ემილია, ამადიგი. ამას მოჰყვა მისი გამოსვლები ცნობილ ქართველ დირიჟორებთნ, რეჟისორებთან და ორკესტრებთან.
მეცო სოპრანო 2006 წელს ბელვედერის საერთაშორისო კონკურსზე მოგებული ლა სკალას საოპერო თეატრის სპეციალური პრიზით უგამოცდოდ ჩაირიცხა ამავე თეატრთან არსებულ აკადემიაში. ქართველ საოპერო მომღერალს ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე ოცზე მეტი პარტია აქვს ნამღერი.
იგი ითვლება როზინას პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად, რომლითაც დიდი წარმატება მოიპოვა ბერლინის დოიჩე ოპერის, პარმის სამეფო თეატრის, ტულუზის კაპიტოლის თეატრის, მონპელიეს ნაციონალური თეატრის, პალერმოს ტეატრო მასიმოს, სანტიაგოს მუნიციპალური თეატრის, რაინის დოიჩე ოპერისა და მარსელის მუნიციპალური ოპერის სცენებზე.
2014 წელს წარმატებით იმღერა კარმენის პარტია ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში. ამავე წელს შედგა მისი სკანდინავიური დებიუტი იზოლიერის როლით მალმოს ოპერაში. 2015 წელს მან ვერდის „დონ კარლოსში“ პრინცესა ებოლის დაუვიწყარი სახე შექმნა ელ ესკორიალის ფესტივალზე;
ქეთევანი იტალიური თეატრების ხშირი და სასურველი სტუმარია. მონაწილეობდა ლა სკალას ტურნეში იაპონიაში. წარმატებული იყო მისი გამოსვლები ვერონის არენაზე და ვენეციის ფენიჩეს თეატრში, ნეაპოლის სან კარლოს თეატრში, ბერლიოზის „კლეოპატრას სიკვდილი“ სპოლეტოს ფესტივალზე, გუნოს „ფაუსტი“ და მასნეს „ტაისი“ ტურინის სამეფო თეატრში.
წყარო: ambebi.ge
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026