
2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ, ან მისი ოჯახის წევრმა, 5 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო – ინფორმაციას “თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” აქვეყნებს. კვლევიდან ირკვევა, რომ მიღებულ საჩუქრებს შორის არის ფული, უძრავი ქონება, ავტომობილები და სხვა ძვირადღირებული ნივთები.
ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრების მიმღებ მოსამართლეებს შორისაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძე, რომლის ოჯახის წევრებს – მეუღლეს და შვილს – 2020-2022 წლებში მეუღლის დედამ უცხოეთიდან საჩუქრის სახით გამოუგზავნა 68,8 ათასი აშშ დოლარი და 2,3 ათასი ლარი.
გარდა ჩინჩალაძისა, დიდი ქონება მიიღო საჩუქრად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ – ოჯახის წევრისგან ფულადი თანხა 19.6 ათასი ევრო.
რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, აქ ორმა მოსამართლემ – ალექსანდრე წულაძემ და გიორგი მიქაუტაძემ მიიღეს ფულადი თანხა და მიწის ნაკვეთი საჩუქრად.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლეებზე საჩუქრები გაცემულია იმ პირთა წრისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება არ ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კითხვებს აჩენს საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების წარმომავლობა, რისი სრულფასოვანი შესწავლაც დამატებითი მოკვლევის ჩატარებას საჭიროებს.
0
0