02/08/2024
18:59
სპორტი
ქართველი სპორტსმენების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე გრძელდება. გუშინ, ქართველი მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. სპორტსმენმა ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირი დაამარცხა.
ასპარეზობისას მეორე რაუნდში ლაშას წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რის გამოც ბრძოლა ორჯერ შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (3:2) გაიმარჯვა. ნახევარფინალში გასვლა კი გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს ნიშნავს.
4 აგვისტოს ნახევრფინალში ლაშა გურული კუბელ ალვარეს ბორხეს შეხვდება.
"მჯერა და მწამს, რომ შემიძლია ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩემი ოჯახი და მთელი საქართველო გავახარე“, - აღნიშნა გურულმა წარმატებული გამოსვლის შემდეგ.
რა გზა განვლო მოკრივემ ოლიმპიადამდე
27 წლის სპორტსმენი რუსთავიდან არის. ის გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი 67 კგ წონით კატეგორიაში და ევროპის ჩემპიონი 64 კგ წონით კატეგორიაში. მან რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრებს შორის 5 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.
“ლაშა გურული თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს ასპარეზობას”, - ასეთია საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელის, ფირუზ ტუნაძის შეფასება ქართველ მოკრივესთან დაკავშირებით.
"ორთაბრძოლისას მიიღო ტრავმა. კერძოდ, გვქონდა ორივე წარბის ნახეთქი ჭრილობა, მოხდა ჭრილობის დამუშავება და გაკერვა. ამჟამად სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს ასპარეზობას”, - განაცხადა ფირუზ ტუნაძემ.
ლაშა გურულმა, პარიზის თამაშებზე მეორე შეხვედრა მოიგო და ისტორიული ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა, ქართველი მოკრივე აგრძელებს ბრძოლას ოქროს მედლისთვის. შემდეგ დაპირისპირებას, გურული 4 აგვისტოს გამართავს.
მსგავს წარმატებას აქამდე ქართველთაგან მხოლოდ ორმა მოკრივემ მიაღწია: 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი რამაზ ფალიანმა დაიკავა, ხოლო 2000 წელს სიდნეიში ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ჭანტურიამ მოიპოვა.
ლაშა გურული დაოჯახებულია, მისი რჩეული მარიამ მუმლაძეა.
"ერთად განვლილი ცხოვრების ლაღი და ტკბილი 6 წელი. მზად ვართ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. მიყვარხარ, ჩემო საოცარო ადამიანო. დღეს 26-ე დაბადების დღეს აღვნიშნავ და ამავდროულად განვლილ წლებს ვუყურებ, მადლობელი ვარ. მადლობა ღმერთს. ვისახავ ახალ მიზნებს მომავალი წლისთვის. დროა, აღვნიშნოთ და განვაახლოთ ცხოვრება ერთდროულად“ - წერდა საყვარელ ქალს სოციალურ ქსელში გურული.
2023 წლის მაისში კი მორიგი წარმატების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა გურულმა სოციალურ ქსელში დანანებით აღნიშნა, რომ მას სამშობლოში არავინ დახვდა.
"მინდა პირდაპირ გამოვთქვა ჩემი მწუხარება ! გულდასაწყვეტი ფაქტია, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში არც ერთი ტელევიზია არ დაგვხვდა აეროპორტში ! (გარდა Info rustavi )
მაგრამ ის უფრო გულდასაწყვეტი მომენტია, როდესაც ახალ თაობას არ ანახებენ ამ ისტორიულ შედეგს, ვინაიდანაც სპორტსმენები არიან ადამიანები, რომელთაგანაც მათ შეუძლიათ აიღონ მაგალითი. მიეცეთ მოტივაცია, რათა გააგრძელონ (ან დაიწყონ) სპორტული კარიერა.
მართალია, როდესაც ამობენ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო, საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება პროგრესულად მოაზროვნე, სპორტის და სამშობლოს მოყვარული თაობა.
განურჩევლად პროფესიის და ხედვისა ჩვენ ყველას გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას გულისხმობს.
პ.ს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ქალაქს, რომელიც ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემს გვერდითაა! ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აეროპორტში დაგვხვდა...“ - აცხადებდა გურული.
0
0