14/12/2024
18:26
პოლიტიკა
გუშინ, ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა „ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ რეპრესიების ესკალაციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ", რომელშიც ისინი ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს „ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერების მიმართ ევროკავშირის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები განმეორებით და თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველმყოფი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჩატარდეს..
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიანე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი და ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში ნილს უშაკოვსი.
რასა იუკნევიჩიანეს და დევიდ მაკალისტერის, საქართველოს ხელისუფლებისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ ქართველ მკითხველს არაერთგზის სმენია. სერგეი ლაგოდინსკი და ნილს უშაკოვსი კი ნაკლებად ცნობილები არიან.
გერმანელი პოლიტიკოსი სერგეი ლაგოდინსკი 1975 წელს რუსეთში, ქალაქ ასტრახანში დაიბადა. მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში 1993 წელს გადავიდა. გეტინგენის უნივერსიტეტში იურიდიული განათლების მიღების შემდეგ ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში ადვოკატის სპეციალობას დაეუფლა როგორც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი. 2003-2008 წლებში იყო პროგრამის დირექტორი, შემდეგ კი გენერალური დირექტორის მრჩეველი ამერიკის ებრაული კომიტეტის ბერლინის ოფისში. 2012 წლიდან იყო ბიოლის ფონდის ევროკავშირი-ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ევროპარლამენტის წევრია 2019 წლიდან. არის წევრი ჯგუფისა „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი".
ცოტა ხნის წინ Frankfurter Rundschau აღნიშნავდა, რომ „მწვანეთა პარტიის პოლიტიკოსს სერგეი ლაგოდინსკის და ესტონელ სოციალ-დემოკრატ მარინა კალიურანდს ჯერ არ უნახავთ არჩევნების გაყალბების საბოლოო მტკიცებულება", მაგრამ ლაგოდინსკის აზრით არსებობდა შეშფოთების მიზეზები და ასევე არგუმენტები ახალი არჩევნებისთვის საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.
„მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, საზოგადოების გაერთიანების მიზნით, ექნებოდა აზრი ახალი არჩევნების ჩატარებას“, - დასძენდა ლაგოდინსკი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობს, მოიპოვა თუ არა მან რაიმე მტკიცებულება, საქართველოში არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს „თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველმყოფი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ".
ლატვიელი პოლიტიკოსი, 1975 წელს დაბადებული ნილს უშაკოვსი, 2009-2019 წლებში რიგის მერი იყო. იგი ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდის რიგის პირველი ეთნიკურად რუსი მერია. 1998-2005 წლებში იგი ლატვიის რუსულენოვანი მედია საშუალებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, 2005 წელს კი „ეროვნული ჰარმონიის პარტიის" წევრი და სეიმის დეპუტატი გახდა, 2009 წელს კი რიგის მერი.
უშაკოვსი ცნობილია იმით, რომ რუსეთთან კავშირების გაძლიერებაში ხედავდა რიგის ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას. 2011 წელს უშაკოვსმა ლატვიაში რუსულის მეორე სახელმწიფო ენად აღიარების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი. ადრე იგი აცხადებდა, რომ არ უჭერდა მხარს რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნას, ამჯერად კი აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ რეფერენდუმის ჩატარებისთვის საჭირო თანხების გამოყოფაზე ითქვა უარი. მისი მტკიცებით, რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება ღირსების საკითხი იყო და არ შეიძლებოდა შეფასებულიყო ლატვიური ენის წინააღმდეგ ნაბიჯად.
2014 წლის აგვისტოში უშაკოვსმა გააკრიტიკა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის გამო, უწოდა მათ „კოშმარული იდეა" და გააფრთხილა, რომ ლატვია ყველაზე მეტად დაზარალდებოდა რუსეთის საპასუხო სანქციებით.
სანქციებს თანამედროვე ისტორიაში არასდროს მოუტანია პოზიტიური შედეგი და არ გამხდარა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ხელის შემწყობი. კოშმარულია აზრი, რომ უბრალოდ დავაწესებთ რამდენიმე სანქციას და რუსი ხალხი აღდგება და დაამხობს ვლადიმერ პუტინს. ლატვია ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდება რუსეთის საპასუხო სანქციებით. დიპლომატიური მოლაპარაკებების გარდა, უკრაინის კრიზისის მოგვარების სხვა გზას ვერ ვხედავ, - ამბობდა უშაკოვსი ლატვიის დამოუკიდებელი ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემისთვის, „900 წამი", მიცემულ ინტერვიუში.
თუ რუსეთი საპასუხო სანქციებს დააწესებს, მივიღებთ კიდევ უფრო დრამატული კრიზისს. მთავრობა უმწეო გახდება და ლატვიის რკინიგზას მოუწევს აყაროს რელსები და ჩააბაროს ჯართში, - აცხადებდა იგი და დასძენდა: მე თავად წავალ და ვთხოვ მათ, რომ სანქციების მიუხედავად, შეგვინარჩუნონ სუპერმარკეტებში რიგის პროდუქციის რეკლამის მიზნით არსებული სპეციალური სტენდები, რათა ომის დასრულების შემდეგ შევძლოთ დაბრუნება. თუ ახლა ეს სარეკლამო სტენდები გაქრება, შეუძლკებელი გახდება მოსკოვის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში დაბრუნება.
აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან მცირე ხანში უშაკოვსი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა მოსკოვში, სადაც შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს დმიტრი მედვედევს, პატრიარქ კირილს, მოსკოვის მერს, სერგეი სობიანინს.
2015 წელს, მოსკოვში მორიგი ვიზიტის დროს, პატრიარქმა კირილმა იგი „საზოგადოებაში ქრისტიანული პრინციპების განმტკიცებისთვის“, საერთაშორისო პრემიით დააჯილდოვა და გადასცა 10000 აშშ დოლარი.
2018 წელს, კორუფციის პრევენციისა და ბრძოლის ბიურომ ჩაატარა 30-ზე მეტი ჩხრეკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მუნიციპალურ კომპანიაში და რიგის საკრებულოს ოფისებში და დააკავა 8 ადამიანი ლატვიასა და პოლონეთში გაყალბებული მრავალმილიონიანი ტენდერების კორუფციულ გამოძიებასთან დაკავშირებით. კომპანიის გამგეობის და რიგის ვიცე-მერის გადადგომის შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა უშაკოვსს მოუწოდეს გადადგომისკენ მოუწოდეს, მან კი საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია და მას შემდეგ, რაც 60 მუნიციპალური მრჩევლიდან 32-მა მხარდაჭერა გამოუცხადა, გადადგომაზე უარი განაცხადა.
2019 წლის დასაწყისში უშაკოვსის ოფისსა და სახლში კორუფციის პრევენციისა და ბრძოლის ბიუროს მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით ჩატარებული ჩხრეკის, აგრეთვე მისი საწინააღმდეგო გამოსვლების შემდეგ, უშაკოვსმა ადრე გაცხადებულის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა ევროპარლამენტში კენჭისყრა, აპრილში კი ლატვიის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა იგი კანონებისა და რეგულაციების მინიმუმ რვა დარღვევის მოტივით გადააყენა თანამდებობიდან. მაისში უშაკოვსი ევროპარლამენტის დეპუტატი გახდა, განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების გამო ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებდა და ასეც მოიქცა, თუმცა სასამართლომ დაასკვნა, რომ მისი გათავისუფლება იყო აუცილებელი, გამართლებული და გამოვლენილი დარღვევების პროპორციული.
ევროპარლამენტში ნილს უშაკოვსი მუშაობდა საბიუჯეტო კომიტეტში, იყო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისთვის საპარლამენტო დელეგაციებში და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში და აგრეთვე იყო ევროპარლამენტის ლგბტ პირთა უფლებების დაცვის ინტერჯგუფის წევრი.
2024 წელს, უპირატესად ლატვიის რუსულენოვან მოსახლეობაში პოპულარულმა ლატვიის სოციალ-დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ (შექმნილია ლატვიის სახალხო ჰარმონიის პარტიის, მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაერთიანების შედეგად) ევროპარლამენტის არჩევნებში ერთადერთი ადგილი მოიპოვა და მისი დეპუტატი გახდა ნილს უშაკოვსი.
ევროპარლამენტის ინტერჯგუფების შემადგენლობა ჯერ კიდევ არაა სრულად ჩამოყალიბებული, ევროპარლამენტის საიტზე ამ მომენტისთვის განთავსებული ინფორმაციის თანახმად კი, ნილს უშაკოვსი არის ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის, ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციების თავმჯდომარე, პეტიციების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, საბიუჯეტო კომიტეტის წევრი და ტრანსპორტის და ტურიზმის კომიტეტის სათადარიგო წევრი.
წყარო - ipress.ge
0
0