26/07/2023
13:30
პოლიტიკა
ვინ არის აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი ევან ელიოტი, რომლის სახელი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გასაჯაროებულ დოკუმენტებში გვხვდება და რომელიც ექსპეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა.
ტვ „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ინფორმაციით, ევან ელიოტი აშშ-ის საელჩოში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო შიდაპოლიტიკური ერთეულის ხელმძღვანელი, ბოლოს კი საგარეო სამსახურის ოფიცრის თანამდებობა ეკავა.
„გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ის უნდა ყოფილიყო შუამავალი, რომ ამერიკაში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართულიყო სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ელიოტმა მასზე დაკისრებული ეს მისია ვერ შეასრულა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიუ იორკში ვიზიტისას ნამდვილად იყო სააკაშვილის ადვოკატის მხრიდან ზურაბიშვილთან შეხვედრის მცდელობა, მაგრამ ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა“, - ნათქვამია „ქრონიკის“ სიუჟეტში.
„რუსთავი-2“-ის ინფორმაციით, ევან ელიოტმა, რომელიც 2010 წლიდან დღემდე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ოფიცერია, საქართველო მარტში დატოვა, მანამდე კი ის ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის საელჩოში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
„კურიერის“ სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ეს ის პოზიციაა, რომელზეც როგორც წესი, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
„საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რამდენიმე დღის წინ მედიასთან განაცხადა, რომ FARA-ს დოკუმენტებს არ იცნობს. დოკუმენტების შესახებ საუბარი არ ისურვეს არც დიპლომატიურ სამსახურში. „რუსთავი 2-ის“ მიერ გაგზავნილ წერილზე საპასუხოდ მხოლოდ ის თქვეს, რომ საელჩო დაინტერესებულია პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მტკიცებულებების თანახმად, სააკაშვილის შეწყალების საკითხის მთავარი კოორდინატორი ევან ელიოტი იყო, რომელიც ნიუ-იორკში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტისა და ექსპრეზიდენტის ადვოკატების შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა. შტატებში შეხვედრა ზურაბიშვილის უარის გამო, არ შედგა. 28-გვერდიანი დოკუმენტი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ივნისის ბოლოს აიტვირთა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ სხვადასხვა აქტივობა განახორციელა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას და, ასევე, პოლონელი ექიმების ვიზიტს ეხებოდა,“ - ნათქვამია სიუჟეტში.
0
0