30/06/2023
21:14
მსოფლიო
“რადიო თავისუფლების” უკრაინულმა სამსახურმა ამოიცნო ოთხი რუსი ჯარისკაცი, რომლებიც 6 ივნისს, კახოვკის კაშხლის დანგრევისას იქვე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთს არსენ ფიცხელაური ჰქვია.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ახლა ეკოლოგიური კატასტროფის ადგილია. ის უკრაინის აღმოსავლეთით, ხერსონის ოლქში, ქალაქ ნოვა-კახოვკადან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს. უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის დღიდან, ჰესს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
სხვადასხვა მედიაში გავრცელებული მასალების მიხედვით, “რადიო თავისუფლებამ” და უკრაინულმა გამოცემა “სლიდსტვო. ინფომ” ოთხი მათგანის ვინაობა დაადგინა. ესენი არიან: ბრიგადის მეთაური რომან ტიტოვი, საინჟინრო ბატალიონის სერჟანტი რუსლან მაგომედოვი, მაიორი დენის მიშჩენკო და არსენ ფიცხელაური, კოდური სიტყვით "გრუზინი".
რა ვიცით “გრუზინზე”?
დაიბადა 1988 წელს. უკრაინული ორგანიზაცია “მიროტვორეცი”, რომელიც აღრიცხავს უკრაინაში შეჭრილი რუს სამხედროებს, წერს, რომ ფიცხელაური სტავროპოლის ოლქის სოფელ ნიჟნაია ალექსანდროვკადანაა.
სოციალურ ქსელ “ვკონტაკტეში” უწერია, რომ 2008-2009 წლებში მსახურობდა იმავე ოლქში, ქალაქ მინერალნიე ვოდიში. მისი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, არსენ ფიცხელაური მონაწილეობდა ხერსონის ოლქის ოკუპაციაშიც. რამდენიმე ფოტოში სავარაუდოდ, კახოვკის ჰესის ტერიტორიაზეა. მკერდზე გაკრული აქვს თავისი კოდური სახელი.
ბოლო პოსტი გამოაქვეყნა 2 ივნისს. პოსტში წერს, რომ უკრაინაში “ჩვეულებრივ ხალხს ფაშისტი მხეცებისგან” იცავს და აგროვებს ფულს, რათა მისმა ბატალიონმა ციფრული რაციები იყიდოს. უკრაინაში ომის დაწყებამდე ძირითადად აქვეყნებდა სამხედრო და რელიგიური შინაარსის პოსტებს.
ფიცხელაურის ნაცნობების ინფორმაციით, ის კვლავ ქალაქ ნოვაია კახოვკაშია, თუმცა კაშხლის განადგურების შემდეგ, რუსეთში ჯილდოს მისაღებად იყო ჩასული.
კაშხლის დანგრევას უკრაინა აფასებს უმძიმესი დარტყმად მის ეკონომიკასა და და ეკოლოგიაზე. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, დნიპროში წყლის დაბინძურების დონე ნორმას 28 ათასჯერ აჭარბებს. დატბორილია დაახლოებით 50 ათასი ჰექტარის ტყის ტერიტორია. მისი, სულ ცოტა, ნახევარი, განადგურდება.
ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. რამდენი დაიღუპა, უცნობია. თუმცა მხოლოდ ივნისის ბოლო დღეებში, დატბორილ ტერიტორიაზე 60-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0