
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეიცვლება ამერიკის ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ასევე იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართებით.
„ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მისი მოსვლა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართებით,სასაცილოა ზოგიერთი ლიბერალური ლიდერის ქცევა, რომლებიც ახლა ტრამპის სულისკვეთებას ერგებიან… ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შეგახსენებთ, რომ ეს ზეწოლა საქართველოზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. ქართველმა ხალხმა თავისი დიდი გონიერებით მხარი დაგვიჭირა იმ გზაზე, რომელიც ავირჩიეთ მშვიდობის დასაცავად. დღეს ჩვენი პოზიცია ნათელია: ეს ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. თავიდანვე, როცა ეს ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა ქვეყნისთვის დამანგრეველი ომი და უნდა შეჩერებულიყო. დღეს ტრამპიც იმავეს ამბობს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მისი პოზიციის მიმდევრები – ჩვენ ამას ომის პირველივე დღიდან ვაცხადებდით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
„ჩვენ მოგვიწოდებდნენ, შევერთებულიყავით სანქციებს, გაგვეგზავნა მოხალისეები და დაგვეჭირა მხარი ომისთვის, მაშინ, როცა არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრები არ ვართ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ მარტო გვტოვებდნენ ბირთვული ძალის წინაშე, დაპირებებით: „მიდით, ჩვენ იარაღს მოგაწვდით…“. ახალგაზრდა პროევროპელები მოგვიწოდებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ. მაშინდელი მთავრობა ამ ზეწოლას უნდა დაჰყოლოდა. კითხვა ისმის – საქართველო ამ ომში უნდა ჩაბმულიყო? ჩვენ განსაკუთრებით ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობდით, რათა დაგვეცვა მშვიდობის გზა. ისტორია ერთ დღეს აღიარებს, რომ ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ. ჩვენ სიმართლე უნდა გვეთქვა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვწუხვარ, რომ იმ დროს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოლდოვისა და უკრაინის უკან იდგა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
0
0