
ვილნიუსის ქუჩებში დაახლოებით 10 000 ადამიანი გამოვიდა და ეროვნული რადიოსა და ტელევიზიის ფუნქციონირების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო უკმაყოფილება გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ხელები შორს სიტყვის თავისუფლებისგან“, – სკანდირებდნენ პარლამენტის შენობასთან ახლოს, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები. პროტესტი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტი ვილნიუსის ფარგლებს გასცდა და ლიეტუვის სხვა ქალაქებიც, მათ შორის კლაიპედა, კაუნასი, შიაულიაი, მარიამპოლე და კედაინიაიც მოიცვა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ვერ ხედავენ გზას გარდა იმისა, რომ პროტესტი იმ იმედით განაგრძონ, რომ დანთებული ცეცხლი „სიბნელის გაფანტვას შეუწყობს ხელს.“
კულტურული ასამბლეის საინიციატივო ჯგუფის წევრის, კაროლის კაუპინისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი მედიის თავისუფლებას ეხება, თემა გაცილებით ფართოა.
„ამიერიდან ჩვენ მხოლოდ ერთ საკითხს გადავწყვეტთ – ტირანია თუ თავისუფლება. ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს სასტიკი იმპერია აღმოსავლეთში, მეორე მხრივ კი – შეერთებული შტატები, რომელსაც დაავიწყდა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში მთელ მსოფლიოს ასწავლიდა – რა არის დემოკრატია და როგორ უნდა მუშაობდეს“, -აღნიშნა კაუპინისმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
0
0