12/11/2024
22:45
სპორტი
ვილი სანიოლი, რომელმაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2028 წლამდე იმუშავებს, სტატისტიკით „ჯვაროსნების“ საუკეთესო მწვრთნელია – მაჩვენებლებს „ტრანსფერმარკტი“ აქვეყნებს.
სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა.
ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ საშუალოდ 1,57 ქულა დააგროვეს. ამ მაჩვენებლით მან დავით ყიფიანს გადაასწრო, რომელმაც ნაკრები ორჯერ ჩაიბარა და მისი საშუალო მაჩვენებელი 1,53 ქულაა. თუმცა, „ჯვაროსნებში“ პირველად მუშაობისას საუკეთესო შედეგი სწორედ ქართული ფეხბურთის ლეგენდას ეკუთვნის – საშუალოდ 1,86 ქულა.
საშუალო ქულებით საუკეთესო მწვრთნელები (დასახელებულია მწვრთნელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრებში 10-ზე მეტ შეხვედრა გამართეს):
ვილი სანიოლი 42 მატჩი, საშუალოდ 1,57 ქულა;
დავით ყიფიანი 22 მატჩი, საშუალოდ 1.53 ქულა;
ვლადიმირ ვაისი 47 მატჩი, საშუალოდ 1,34 ქულა.
ვილი სანიოლს უკავშირდება „ჯვაროსნების“ ყველაზე წარმატებული პერიოდი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონში გაიმარჯვა და ამჟამად B ლიგაში ასპარეზობს, ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.
აქვე ვიტყვით, რომ ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატად დასახელდა – ფრანგი სპეციალისტი ნომინანტთა შორის ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ წარადგინა.
0
0