
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. 15 ნოემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებენ – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, 18 ნოემბერს კი 23:45 საათზე სოფიაში ბულაგრეთის ნაკრებს შეხვდებიან.
ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ნაკრების დებიუტანტ იური ტაბატაძესთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი – „გუნდში ძალიან კარგი გარემოა, იმაზე უკეთესი, ვიდრე სექტემბერში ან ოქტომბერში იყო. ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ მომავალზე. ხაზი გავუსვი, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი, ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეს ყველაფერი.
ახლაც იმავე აზრზე ვარ, რომ ესპანეთს მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ჰყავს. მათ ბოლო წლებში არაერთხელ შევხვდით. ესპანეთში ჩატარებულ ბოლო მატჩში მთავარი პრობლემა ჩვენი მხრიდან ნაკლები ბრძოლა იყო. იმედი მაქვს, ამჯერად უკეთესად ვითამაშებთ.
პატარა გუნდი ვართ, როცა რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებულია, მათი შეცვლა რთულია. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ. ესპანეთთან და ბულგარეთთან ჩასატარებელი მატჩები რაღაც ახლის დასაწყისი უნდა გახდეს.
ასეთ რთულ დროს ფანების მხარდაჭერა გვჭირდება. ეს იქნება ჩემი გზავნილი – შევინარჩუნოთ ის ემოცია და განწყობა ტრიბუნებზე, რაც ქართველ ქომაგებს ახასიათებთ.
იური ტაბატაძეს ადაპტაციისთვის ჯერ დროს სჭირდება. მას „იბერიაში“ გამოსვლის დროიდან ვაკვირდები. ახლა ესპანეთშიც კარგად თამაშობს და ქართველი გუშემატკივარი საქმეში ნაკრებშიც იხილავს,"- აცხადებს სანიოლი.
1
0