
ილიას ბაღში არსებული მდგომარეობის გამო, კახა კალაძე ბაღის მმართველი კომპანია შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათთვის მკაცრი გაფრთხილების მიცემას გეგმავს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2011 წლის 7 ივლისს, ილიას ბაღის ტერიტორია მართვის უფლებით, 49 წლის ვადით (2060 წლის 7 ივლისამდე) გადაეცა შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“.
„მმართველი კომპანია ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში (2016 წლის 7 ივლისამდე) პარკის ტერიტორიაზე განეხორციელებინა ჯამურად 600 ათასი ლარის ოდენობით ინვესტიცია, თანამედროვე პარკის ჩამოყალიბების, მისი კეთილმოწყობის, გასართობი ატრაქციონების დამონტაჟებისა და რეაბილიტაციის მიზნით.
აღნიშნული ვალდებულების შესრულების პროცესში კომპანიას ჰქონდა გარკვეული დარღვევები, თუმცა მერიამ მას განუსაზღვრა დამატებითი ვადა და მაქსიმალურად ხელი შეუწყო, რის შედეგადაც, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, 2020 წელს დადასტურდა კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება.
მმართველი კომპანია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვალდებულია, მუდმივად უზრუნველყოს პარკის მოვლა-კეთილმოწყობა, პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა და რეაბილიტაცია, ასევე, გასართობი ატრაქციონების პერიოდულად განახლება და მათი უსაფრთხო ფუნქციონირება.
სამწუხაროა, რომ მიუხედავად მერიის ხელშეწყობისა, მმართველი კომპანია უხეშად არღვევს პარკის მოვლა-პატრონობისა და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებს.
კერძოდ, მოქალაქეთა მომართვებისა და მერიის მიერ 2023 წლის ნოემბერში განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, დადგინდა, რომ ბაღის საბავშვო-გასართობ სივრცეში დარღვეულია უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმები და სტანდარტები; ბაღის ტერიტორიაზე განთავსებული ატრაქციონები არ ფუნქციონირებს და შემოსაზღვრულია რკინის ბარიერით; სივრცე მოსაწესრიგებელია მისი საერთო იერსახისა და სისუფთავის თვალსაზრისით, აღდგენას საჭიროებს ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სკამები, ქვაფენილი, ფასადები და სხვა. ხე-მცენარეები საჭიროებს მოვლას და განახლებას.
როგორც ჩანს, კომპანიის ინტერესია მხოლოდ პარკის ტერიტორიაზე მდებარე, კომერციულად მომგებიანი შენობა-ნაგებობებისა და ობიექტების ფუნქციონირება და ის არ ზრუნავს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ყოვლად დაუშვებელია.
როგორც იცით, მერია აქტიურად ახორციელებს თბილისის მასშტაბით სხვადასხვა პარკის რეაბილიტაციასა და მოვლა-პატრონობას, ჩვენ მიერ არაერთი ტერიტორია გადაიქცა თანამედროვე, რეკრეაციულ პარკად, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დასვენება და განტვირთვა. თუმცა, მართვის უფლებით გადაცემული პარკის ტერიტორიაზე აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაზე პასუხისმგებელია არა მერია, არამედ მმართველი კომპანია.
ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია კერძო კომპანიის მხრიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი და არასერიოზული მიდგომა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მოქალაქეთათვის, მათ შორის, ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესი სივრცის გამართულ ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მერია განიხილავს მმართველ კომპანიასთან შეხვედრას და მის მკაცრ გაფრთხილებას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ უმოკლეს დროში არ გამოსწორდება ზემოაღნიშნული დარღვევები და არ შეიცვლება მსგავსი მიდგომა, მერია ცალმხრივად შეწყვეტს მართვის ხელშეკრულებას“, - განაცხადა კალაძემ.
0
0