
4 ოქტომბერზე პასუხისმგებელია ყველა ის ადამიანი, ვინც სამი თვის განმავლობაში მოქალაქეებს მოღალატეები ეძახა იმის გამო, რომ არჩევნებზე წასვლა გადაწყვიტეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასაც“ ეკისრება.
„4 ოქტომბერზე პასუხისმგებელია ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ადამიანებს ამ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა და ადამიანებს არჩევნებზე წასვლასთან დაკავშირებით სამი თვე აბულინგებდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ, მათ ემოციებზე იპარაზიტეს. ამ დღეზე პასუხისმგებელია ყველა ის ადამიანი, ვინც სამი თვის განმავლობაში მოქალაქეებს მოღალატეები ეძახა იმის გამო, რომ არჩევნებზე წასვლა გადაწყვიტეს. სამი თვის განმავლობაში ადამიანებს ვინც ეუბნებოდა, არჩევნებზე არ წახვიდეთ, თორემ მოღალატე იქნებით და 4 ოქტომბერს რუსთაველზე გელოდებითო, ყველა აქტორი, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, „ნაცმოძრაობის უპასუხისმგებლო ლიდერებით“ დამთავრებული, ამ დღეზე ყველა პასუხისმგებელია. ეს პასუხისმგებლობა ,,ქართულ ოცნებაზეც” ნაწილდება. ჩვეულებრივი მოქალქეებიდან იქ შტურმისთვის არავინ არ იყო მისული. ბაჩო ახალაია დიდი ზარზეიმით მიიწვიეს გამოკითხვაზე და საწყალ ექიმებს, საწყალ ბავშვებს და საწყალ მოქალაქეებს, რომლებიც პროვოკაციის მსხვერპლნი არიან, სპეცრაზმის დახმარებით აკავებენ“, – განაცხადა ფილფანმა.
როგორც ფილფანმა აღნიშნა, ერთადერთი, ვინც არჩევნების შედეგიდან და ქუჩის პროტესტიდან დადებითი შედეგი და სარგებელი მიიღო, „ქართული ოცნებაა“.
„სალომე ზურაბიშვილი პოზიციონირებს როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი და საკუთარ თავს რომ ლეგიტიმურ პრეზიდენტს ეძახის და მოქალქეებს არჩევნებზე მისვლის ნაცვლად, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ე.წ მშვიდობიან დამხობაზე იწვევს, მინიმუმ უნდა გამოიკითხოს, რა არის ამ მშვიდობიანი დამხობის გეგმა. ახლა რომ გამოდიან და ამბობენ გეგმა არ ვიცოდით არავინო, ჯერ ერთი, მშვიდობიან შეკრება/მანიფესტაციას გეგმა რად უნდა, ან მშვიდობიანობის გეგმა რატომ უნდა დამალო. თუ მალავდნენ, მაშინ გამოდის, რომ რაღაც გეგმა ჰქონდათ, რომელიც ხალხისთვის მისაღები არ იყო. ანა წითლიძე გადმობირებულ პოლიტიკოსებს 200 000 დოლარს რომ ჰპირდებოდა, ამ თანხით დაკავებულ ადამიანებს დაეხმაროს, ვისაც გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა აქვს და ვისთვისაც ადვოკატები ამ დრომდე არ გამოჩდნენ.
ვიღაცებს ამდენი ხნის განმავლობაში რომ ბიძინას გეგმა „ბ“ ეძახეს და ბიძინასთან შეკრულები ეძახეს, ახლა ხომ დავინახეთ ვინ არის ბიძინასთან შეკრული და ბიძინას გეგმა „ბ“. 4 ოქტომბრიდან ვინ მიიღო სარგებელი? ერთადერთი, ვინც არჩევნების შედეგიდან და ქუჩის პროტესტიდან დადებითი შედეგი და სარგებელი მიიღო, „ქართული ოცნებაა“. „ქართულმა ოცნებამ“ გაამყარა თავისი ავტორიტარიზმი? – გაამყარა, „ქარათულ ოცნებას“ მეტი ადამიანის დატყვევების საშუალება მიეცა? – მიეცა. ამდენთვიანი პროტესტის შელახვის საშუალება მიეცა? – რა თქმა უნდა, მიეცა“, – განაცხადა ფილფანმა.
0
0