07/03/2023
23:16
პოლიტიკა
“ვიღაცას მოვწონვარ ჩემი პოლიტიკური წარსულის გამო, ვიღაცებს - არა, ვიღაცებმა ეს უფრო აგრესიულად გამოხატეს - არაუშავს, ეს არ არის პრობლემა”, - ამის შესახებ ახალმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც აქციაზე მისულს კვერცხი ესროლეს.
ინციდენტის შემდეგ იოსელიანმა ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვა. ავტომობილისკენ მიმავალ იოსელიანს აქციის მონაწილეები შეძახილებით გაჰყვნენ, ერთ-ერთმა მათგანმა კი წყალი შეასხა. იოსელიანის თქმით, ეს შემთხვევა არაფერს შეცვლის.
„ამ ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები არიან. ჩემთვის პოლიტიკურ შეხედულებებს მნიშვნელობა არ აქვს. ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას - არა. მე ყველას სახალხო დამცველი ვარ და ვიქნები. არ ვიცი, რას მოჰყვა ასეთი რეაქცია, ვიღაცას მოვწონვარ ჩემი პოლიტიკური წარსულის გამო, ვიღაცებს - არა. ვიღაცებმა ეს უფრო აგრესიულად გამოხატეს. არაუშავს, ეს არ არის პრობლემა. მე ჩემი უფლებამოსილება უნდა შევასრულო“,- განაცხადა ლეან იოსელიანმა.
მისივე თქმით, აქციაზე მიმდინარე მოვლენებს თვალყურს მიადევნებს.
ცნობისთვის, იოსელიანს აქციაზე შეურაცხყოფა მიაყენეს. იგი ტერიტორიას მალევე განარიდეს.
0
0