17/07/2023
12:22
საზოგადოება
ვიდრე არ მოვისმენ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში ეჭვი მეპარება - ეჭვი კი არა სახეზე მყავს ჩემი შვილი, როგორ შეიძლება ეჭვი არ მეპარებოდეს და რამის მჯეროდეს?!, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო-კადრებს.
როგორც ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” შვილის მონახულებამდე აღნიშნა, ის პოლონელი ექიმების მხრიდან განცხადების გაკეთებას დაელოდება.
„მე ეჭვებით ვერ ვიხელმძღვანელებ. მე მოვისმინე ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ეს მედიკოსები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექიმები არიან. ეს ჩემთვისაც გულისხმობს მაღალ კვალიფიკაციას. არა მგონია, ესენი პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ და დანარჩენი მე არაფერი ვიცი, ვნახოთ გაირკვევა, დაველოდოთ დასაბუთებულ კომენტარს”, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, კლინიკა „ვივამედის” კლინიკური ექიმმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკიდან გატანას ადასტურებს, ალასანიამ განაცხადა, რომ მას მსგავსი განცხადება არ მოუსმენია.
„სად ადასტურებს? მე არ მომისმენია, მაშინ ზურაბ ჩხაიძეს სცოდნია და მას ჰკითხეთ. მე არ მომისმენია და ვერაფერს გეტყვით. მე ვიდრე არ მოვისმენ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში ეჭვი მეპარება. ეჭვი კი არა სახეზე მყავს ჩემი შვილი, როგორ შეიძლება ეჭვი არ მეპარებოდეს და რამის მჯეროდეს?!”, - განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
0
0