10/11/2024
10:16
სპორტი
საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ სერიის გადამწყვეტი მატჩი სტუმრად მოუგო MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულს, „ინტერ მაიამის“ – 3:2 და დაასრულა ლიონელ მესის სეზონი.
„ინტერ მაიამი“ მე-17 წუთზე დაწინაურდა, 21-ე წუთზე უკვე 1:2-ს აგებდა.
მეორე ტაიმის შუაში ლიონელ მესიმ თავით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. არგენტინელის გოლიდან 10 წუთში კი პორტუგალიელი პედრო ამადორის ჩაწოდების შემდეგ პოლონელმა ფორვარდმა, ბარტოშ სლიშმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „ატლანტას“ 3:2 მოაგებინა.
„ატლანტამ“ მოიგო სერია 2:1, რაც უდიდესი სენსაციაა იმის გათვალისწინებით, რომ მეცხრე ადგილიდან (ბოლო ტურის წინ მე-12 ადგილზე იყო) შეაღწია პლეი ინში, ეს ეტაპი გაჭირვებით დაძლია და პლეი ოფის პირველ რაუნდში „ინტერ მაიამიზე“ გავიდა, რომელმაც სარეკორდო მაჩვენებლებით მოიგო MLS-ის რეგულარული და სერიის პირველ შეხვედრაშიც გაიმარჯვა.
ასე რომ, საბა ლობჟანიძის „ატლანტა“ აგრძელებს სეზონს MLS-ში, ხოლო ლიონელ მესის, ლუის სუარესის, ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის „ინტერ მაიამიმ“ სეზონი დაასრულა.
„ატლანტამ“ ბოლო 5 წელიწადში პირველად მოიგო პლეი ოფის რაუნდი. 2019 წელს გუნდი ნახევარფინალში იყო, 2018 წელს კი ტიტული მოიგო. რაც შეეხება „ინტერ მაიამის“, მას არასოდეს გაუვლია პირველი ეტაპი.
ახლა „ატლანტა“ კონფერენციის მეოთხედფინალში „ორლანდოს“ სტუმრად შეხვდება. ეს იქნება ერთმატჩიანი დაპირისპირება – MLS-ში სერიები მხოლოდ პირველ ეტაპზეა. აღმოსავლეთის მეორე მეოთხედფინალში დერბი გაიმართება: „ნიუ იორკ სიტი“ „ნიუ იორკ რედ ბულსის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024