09/10/2024
11:47
სამართალი
ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. - ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” წერს.
"ბათუმელების ცნობით, მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს. ის პერიოდულად მასწავლებელსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ერთ მომენტში ფეხსაც ურტყამს. ინფორმირებული პირის თქმით, ეს ქალი მასწავლებლის მეუღლეა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობს და „ის მეუღლეს [ცეკვის მასწავლებელს] ეხმარებოდა“.
მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გვითხრეს, მას აქ ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც მან დირექტორს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.
მომხდარის შესახებ ბავშვის ოჯახმა ჩვენთან გასაუბრება არ ისურვა. ბავშვის მამა ოპოზიციური პარტიის წევრია, აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და გვითხრა, რომ არ სურს ეს ამბავი ვინმემ გამოიყენოს.
ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ინციდენტის დღეს, ცეკვის გაკვეთილის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანს ბიცოლამ მიაკითხა, ბავშვი მას ატირებული დახვდა და უთხრა, რომ მასწავლებელმა სცემა, ბავშვს სხეულზე ეტყობოდა დაზიანების კვალიც.
მეორე დღეს, დილით, დედა ბავშვის მამიდასთან ერთად მასწავლებელთან დასალაპარაკებლად მივიდა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ მასწავლებელი მათთან „აგრესიულ შეტევაზე ისე გადავიდა, დიალოგიც კი არ დაწყებულა. შემდეგ კი მან ქალებისკენ ხელით გაიწია, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას“.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგნენ, ვითარება რომ განემუხტათ. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც. დაიწყო გამოძიება. შენობაში განთავსებულმა კამერებმა ეს ინციდენტიც დააფიქსირა. გავიგეთ ისიც, რომ მერაბ დოლიძე თავადაც ადანაშაულებს და უჩივის ბავშვის მამიდას „მასზე ძალადობისა და პერანგის შემოხევისთვის“.
მომხდარის შესახებ მასწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს, თამარ მესხიძეს ვკითხეთ, მან ინფორმაცია დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ დაუყოვნებლივ მიიღო მასწავლებლის გათავისუფლების გადაწყვეტილება:
„პოლიცია იყო გამოძახებული, ამოიღეს კადრები, მაშინვე მქონდა რეაგირება. მანამდე ამ მასწავლებლის მიმართ საჩივარი, განცხადება, რაიმე მსგავსი არ მოსულა ჩემამდე. როცა არის შინაგანაწესის უხეში დარღვევა, არის ძალადობა, მე მოვიქეცი კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერების შესწავლას, ჩანაწერები ჩვენთან ინახება ათი დღით. რა თქმა უნდა, ჩატარდა მოკვლევა, კადრები ამოღებულია. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე კადრები, სწორედ ამის საფუძველზე გავათავისუფლეთ მასწავლებელი“.
გვითხრეს ისიც, რომ მერაბ დოლიძე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. ეს დაწესებულების დირექტორმაც დაგვიდასტურა:
„დიახ, მეც გავიგე, რომ რაღაც დოკუმენტები წაიღო. პირადადაც მითხრა, ვაპირებ გავასაჩივრო თქვენი გადაწყვეტილება, ადვოკატმა მირჩიაო. მეც ვურჩიე ადვოკატი სწორად შეარჩიე-მეთქი. არანაირი საფუძველი არ აქვს და ეს არასწორი ქმედებაა. სასამართლოდან ჯერ არაფერი მოსულა, თუმცა მე მზად ვარ ნებისმიერი სიტუაციისთვის, რომ გავცე პასუხი სამართალდამცავებსაც და მომჩივანსაც.
ეს მოხდა საღამოს 6 საათის შემდეგ, მე სამსახურში ვარ ცხრამდე, ვიდრე ყველაფერი არ დამთავრდება. იმ დღეს, როცა ეს ფაქტი მოხდა, სტუმრები მყავდა თბილისიდან და ექვსი საათის შემდეგ წავედი, სწორედ მაშინ მომხდარა. დამირეკეს და მივედი მალევე, პატრული ჯერ კიდევ არ იყო მოსული.
ისევ ვამბობ, უარესი კადრებია მეორე დღის, ოღონდ აქ ქალბატონები არიან – დედა და მამიდა. ის არ გავიდა დიალოგზე მშობელთან. როცა მშობელი მოდის და პასუხს გთხოვს ძალადობასთან დაკავშირებით, უნდა დაელაპარაკო. პირდაპირ აგრესიაზე გადავიდა.
მანამდე, იმ საღამოსვე [როცა ფაქტი მოხდა], ჰქონია აგრესიული სატელეფონო საუბარი მშობელთან. ქალბატონები მოვიდნენ რეპეტიციის დროს. როცა ძალადობის ფაქტი გაქვს, შეგიძლია პირდაპირ მიიღო გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ შემთხვევაზე, როცა ვიღაც შემოვიდა საჩივრით, აქ ფაქტები არსებობს“, – ამბობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი.
ბავშვის უფლებებს ადვოკატი გიორგი მახარაძე იცავს:
„მე არ ვესწრებოდი აღკვეთ ღონისძიებას. როცა დაზარალებული დაიკითხება სასამართლო პროცესზე, დავიცავ მის ინტერესებს. როგორც ვიცი, ბრალდებულს შეეფარდა გირაო, რადგან პროკურორს არ ჰქონდა პატიმრობის შუამდგომლობა. ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით კონკრეტული პირი დამნაშავეა თუ არა, მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია. იმედი მაქვს პროკურატურა შეძლებს ბრალდების დამტკიცებას, ამაზე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრეთ“.
დაზარალებული მოზარდის ადვოკატის ვთხოვეთ შეეფასებინა ის მტკიცებულებები, რაც საქმეში არსებობს. ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტი:
„მტკიცებულებების შეფასება, არის თუ არა პირი დამნაშავე, სასამართლოს პრეროგატივაა“ – თქვა ადვოკატმა.
ჩვენ დავუკავშირდით ცეკვის მასწავლებელს, მერაბ დოლიძესაც. მან გვითხრა, რომ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის და ამ თემაზე საუბარი არ სურს. - წერს გამოცემა “ბათუმელები”.
ნახეთ ვიდეო:
0
0
ავარია იმერეთში - დაშავდა ერთი პირი
25/11/2024
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024