21/11/2024
12:09
სამართალი
მარნეულში, სამედ ვურღუნის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც მალევე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დამნაშავე უკვე დაკავებულია, საქმე 108-ე მუხლით აღიძრა და მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაჭრილი ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. 40 წლამდე ასაკის მამაკაცია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მკვლელობით დასრულდა. მოკლული მამაკაცი 1988 წელს დაბადებული რასიმ გუბანოვია.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას თქმით, დაჭრილისთვის დახმარება ხალხს დროულად რომ გაეწია, ის შეიძლება გადარჩენილიყო. სავარაუდოდ დაჭრილი სისხლისგან დაიცალა.
"სასტიკი მკვლელობის კადრები ვნახე... კარგად ჩანს, როგორ ესხმის მოძალადე მას თავს და შემდეგ როგორი წევს დაჭრილ მამაკაცი ძირს, ჯერ ცოცხალია და შველას ითხოვს, გარშემო მყოფი ხალხი უბრალოდ უყურებს შორიდან და რამდენიმემ გაიარა იქვე.
კადრებში ჩანს, რომ არავინ მიდის მის საშველად, მისი გადარჩენა სრულად შესაძლებელი იყო. ადამიანები რატომ გახდნენ ასეთი უსინდისოები არ ვიცი. როგორც შევიტყვე გარდაცვლილს რასიმი ქვია, ადგილობრივია, დამნაშავე დაკავებულია, სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია" - ამბობს სამირა ბაირამოვა.
საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ნოემბერს, მარნეულში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნახეთ კადრები, რომელიც მკვლელობის ადგილზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა:
https://spnews.io/storage/files/mkvleloba.mp4
0
0