22/11/2024
21:46
სამართალი
რკინის ჯებირების დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესზე საბა მეფარიშვილის დედა შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერდა.
საბოლოოდ გაირკვა, რომ პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
ვიდეო სასამართლო დარბაზიდან ("პუბლიკა"):
0
0