
ერევანში „ვიტალი თბილისკიმ" და „არსენ ერევანსკიმ" იჩხუბეს, ამის შესახებ ინფორმაციას სომხური პრესა აქვეყნებს.
პოლიცია აგრძელებს თანმიმდევრულ და უკომპრომისო ბრძოლას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა წინააღმდეგ. პოლიციამ წარმოადგინა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიიყვანეს განყოფილებაში „კანონიერი ქურდი" „ვიტალი თბილისკი", - წერს სომხური პრესა.
რესპუბლიკური პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ 17 ნოემბერს ერევანში, დავით-ბეკის ქუჩაზე ჩხუბი მოხდა. გაირკვა, რომ იმავე დღეს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი, „კანონიერი ქურდი", 54 წლის ვიტალი ავდიანი, უფრო ცნობილი როგორც „ვიტალი თბილისკი" და მისი გარემოცვა შეეკამათნენ „კანონიერ ქურდს", 46 წლის არსენ მკრტჩიანს, უფრო ცნობილს როგორც „არსენ ერევანსკის" და იმ „მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლს, რომელშიც ეს უკანასკნელი იჯდა.
კრიმინალურ ახალ ამბებზე ორიენტირებული სააგენტო shamshyan-ის ინფორმაციით, ერთმანეთისადმი ჩხუბის დროს მხარეებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი - სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ „ვიტალი თბილისკიმ" რამდენჯერმა დაარტყა „არსენ ერევანსკის" , რის შემდეგაც ჩხუბში ჩართულთა რაოდენობა თანდათან გაიზარდა და ზოგიერთმა მათგანმა ცეცხლსაროლი იარაღიდან გაისროლა.
აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით დაიწყო და უკვე მეორე დღეს პოლიციამ 13 კაცი, მათ შორის „არსენ ერევანსკი" და „მერსედესის" მძღოლი დააკავა.
22 ნოემბერს ფართომასშტაბიანი ოპერატიული სამძებრო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული „ტოიოტა" ერევანი-სევანის გზატკეცილზე გააჩერეს. ხულიგნობის ჩადენის ბრალდებით „კანონიერი ქურდი" და მისი თანმხლები სამი პირი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
„ვიტალი თბილისკის" თან პაკეტი კრისტალური მასით და ორი ფსიქოტროპული აბი აღმოაჩნდა, მანქანაში კი ორი პისტოლეტი იყო.
0
0