
თსუ-ს სტუდენტი, რომელსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ საავადმყოფოში გამოუგზავნეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული იარაღიანი პირები, რომლებმაც სტუდენტს პირადი მონაცემები ჰკითხეს.
"საპროტესტო აქციას ვმართავდი და დამესივნენ კობახიძის ახალგაზრდული ფრთის და კობახიძის წარმომადგენლის ბავშვები. შეუძლოდ ვიგრძენი თავი იმიტომ, რომ თავში იყო ნარტყამი ბოთლები, წიხლები, მუშტები. გადმომიყვანეს საავადმყოფოში. მოდის ორი პიროვნება და ჩემს პირად მონაცემებს კითხულობს. ვკითხულობ, რომ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, იმიტომ, რომ სამოქალაქო ფორმით არიან მოსულები, ვკითხულობ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და გარბიან. გამოვეკიდე, წამოდგომა მომიწია და იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია.
ამ საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელიც იცოდა, ჩვეულებრივი შესასვლელიდან არ შემოსულა და ახლა ამათ უნდათ, რომ ვენდო. იარაღიანი პიროვნებები გამომიგზავნეს აქ და რომ არ გამოვსულიყავი და არ შემეჩერებინა, პოლიცია ვერ გადაიყვანდა. რატომ არის ახლა დაკავებული, თუ პოლიციელი იყო? რატომ იყო სამოქალაქო ფორმაში მოსული და რატომ იყო ნასვამი? ასე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას? ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ?" - ამბობს თსუ-ს სტუდენტი.
ამ დროისთვის, კლინიკაში სტუდენტთან დაპირისპირებაში მონაწილე მამაკაცი დაკავებულია.
ცნობისთვის, თსუ-ში, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თსუ-ს ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირდაპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
0
0