18/07/2023
16:40
საზოგადოება
ქართველმა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე კავსაძეების სახელით ცნობილ ციხის ეკლესიაში სარკმლიდან შეცურა და ბოლო კადრები გადაიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ისტორიკოსმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.
„მწუხარება თუ ასე სასწაულად ლამაზი იქნებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. თავი სიზმარში მეგონა და გამოღვიძება არ მინდოდა. არ ვიცი, სიტყვებით როგორ უნდა გადმოვცე, რასაც ამ მწვანედ განათებულ ტაძარში ლივლივისას ვგრძნობდი. კარი აღარაა და მხოლოდ სარკმლებიანია ეკლესია და ტაძარშიც სარკმლიდან შეცურდები... ცურვა ეკლესიაში... ღმერთო ჩემო... დიდი ტკივილი და დიდი სიხარული ერთად. საოცრება, თუ რამ მინახავს წუთისოფელში, ეს იყო. იქნებ დროდადრო, ზამთრობით, წყალმცირობისას გამოჩნდეს ხოლმე...ტაძარმა იქნებ კვლავ გაძლოს. მხატვრობავ და წარწერებო - მშვიდობით. მშვიდობით. ტაო, კავკასიძეების ციხის ეკლესია“, - წერს ისტორიკოსი.
ცნობისთვის, თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე, იუსუფელის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის შევსების გამო, წყალში იძირება ისტორიული მესხეთის ნაწილის, ტაოს ისტორიული ძეგლები. ჭოროხმა უკვე დაფარა ახალთას ეკლესია. ასევე მთლიანად წყალქვეშ აღმოჩნდება ჭალის ეკლესია და კავკასიძეების ციხე.
0
0