საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის JN.1.-მა იფეთქა.
„ეს შტამი საშიშია ძირითადად ბავშვებში და 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. ის ძალიან გადამდებია. მთელი ამერიკა წალეკა, აშშ-ის 6 შტატში გამოცხადებულია სავალდებულო პირბადეები. ჩრდილოეთ იტალიაში კი კლინიკებში საერთოდ ადგილები აღარ არის თავისუფალი. რთული ვითარებაა რომშიც“, აცხადებს ფხაკაძე.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის ომიკრონის შტამის ქვევარიანტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირებულია “საინტერესო ვარიანტი”. მიზეზი ამ შტამის “სწრაფად მზარდი გავრცელებაა”.
ვირუსის ქვევარიანტი სახელად JN.1 აღმოჩენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯანმო-ს განცხადებით ამ ეტაპზე ვირუსთან დაკავშირებული რისკი დაბალია, რადგან ამ დროისთვის არსებული ვაქცინები იცავენ ადამიანს დაავადების გართულებისგან.
JN.1 ამჟამად ყველაზე სწრაფად მზარდი ვარიანტია შეერთებულ შტატებში. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიხედვით, ინფექციების 15-დან 29%-მდე სწორედ JN.1-ია.
ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები აგრძელებენ დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან.
0
0