28/09/2023
13:38
კულტურა
რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის, "იარე, ლიზას" ირგვლივ აჟიოტაჟი არ წყდება.
ფილმმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია. გუშინ კინოთეატრ "ამირანში" ფილმი შუა ჩვენებისას, პროტესტის ნიშნად, დატოვეს მაყურებლებმა. ისინი ხმამაღალი შეძახილებით გამოთქვამდნენ აღშფოთებას ფილმის შინაარსის გამო.
მაყურებელთა ნაწილის პოზიციით, ფილმში გადმოცემული ფაქტები რეალობას არ ასახავს. მათივე შეფასებით, სცენარში, რომელიც ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილს ეკუთვნის, ქართველები დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდველებად არიან წარმოჩენილი. განსაკუთრებული გაღიზიანება ფილმის მთავარი გმირის მიერ ენგურს იქით ხმამაღალმა გადაძახილმა "ბოდიშმა" გამოიწვია. ქართველი ჟურნალისტი ბოდიშს უხდის აფხაზებს.
ფილმის შესახებ განცხადება გაავრცელა კულტურის სამინისტრომ: "ფილმის "იარე ლიზას" გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელ გაგა ჩხეიძის ხელშეწყობით, გამოიყო 1 740 690 ლარი".
ფილმს გამოეხმაურა მინისტრი თეა წულუკიანიც: "ფილმი "იარე ლიზა" ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან".
0
0