
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ჩემპიონატში, „ლიონის“ შემადგენლობაში მხოლოდ 13 წუთი ითამაშა, მაგრამ მატჩის მთავარი გმირი გახდა – ლიონელებმა „ლე ავრს“ უმასპინძლეს და 4:2 დაამარცხეს, რაშიც გადამწვეტი როლი ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა.
ევროპა ლიგაზე შესანიშნავი მატჩის შემდეგ, „ლიონის“ მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულს, 77-ე წუთზე შეუშვა.
ამ დროისთვის მასპინძლები 1:2-ს აგებდნენ. გიორგიმ მოედანზე შესვლიდან ორ წუთში ეფექტური გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე მალიკ ფოფანა გაიყვანა, რომელმაც ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 82-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, მიქაუტაძემ რთული პოზიციიდან ულამაზესი გოლი გაიტანა, არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე კი კიდევ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და ალმადას გაატანინა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში 28 ტურის შემდეგ „ლიონი“ 45 ქულით მე-5 ადგილზე დაწინაურდა და ევროპა ლიგის ზონაშია, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, ბოლო ორ შეხვედრაში (ევროპა ლიგასა და ლიგა 1-ში) მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, ხოლო მთლიანობაში ლიგა 1-ში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
0
0