26/12/2023
08:58
პოლიტიკა
“ეს არის ვაჭრუკანა, ბურჟუა მთავრობა! ვაჭარი მართავს მთავრობას! კარგად უნდა შეიგნოთ, კარგად უნდა დაიმახსოვროთ! დოიაშვილსაც უნდა შეეშვათ და სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვათ. შენც კარგად დაიმახსოვრე და ისწავლე ჭკუა! იცი რას გეტყვი მე შენ?! ბიძინას გადაეცი, მაგ მათხოვარს, მაგას, რომ ახალგაზრდებზე იფიქროს. მაგ ბარიგას და მაგ ვაჭრუკანას!..”
ირაკლი კაკაბაძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს მწერალთა სახლში, სადაც 25 დეკემბერს კონკურს “მუზას” დაჯილდოება მიმდინარეობდა და ირაკლი კაკაბაძე ერთ-ერთი ნომინანტი იყო.
ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს დარბაზს ირაკლი კაკაბაძე ამ სიტყვებით, სოციალურ ქსელში ჯერ ნინია კაკაბაძემ გაავრცელა და მერე კულტურის სამინისტრომ.
“როგორ მიყვარს ჩემი ძმა. სადღაც რომ დაუძახებენ ხოლმე როგორც “თავისიანს” და მიიღებენ სახეში სილას”, – წერს ნინია კაკაბაძე.
“აი, ასეთი დემოკრატია და თავისუფლებაა მწერალთა სახლში”, – ისმის მინისტრის რეპლიკა მას შემდეგ, რაც ირაკლი კაკაბაძე დარბაზს ტოვებს.
გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა კულტურის სამინისტროს გვერდი ფეისბუკზე.
“სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები”, – წერია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.
მოგვიანებით, ირაკლი კაკაბაძე ასევე სოციალურ ქსელში იხსენებს, რა მოხდა მის მიერ დარბაზის დატოვებამდე:
“თეა წულუკიანი მე და კოკო გამსახურდიას წინ წამოგვისკუპდა. მე ძალიან გულითადად მივულოცე ყველა გამარჯვებულებს. დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ვუთხარი, რომ ზურაბ რთველიაშვილის ფესტივალი რომ დაბლოკა შარშან, ახლა ზურას ვუძღვნით სპექტაკლს მისი ყოველგვარი დაფინანსების გარეშე და ევროკავშირი აფინანსებს. აი, ეს ვახარე. რატომღაც არ გაუხარდა და ამის მერე ყველა 50 წელს გადაცილებული ადამიანი ‘ჩასარეცხად’ გაიმეტა. ალბათ ჩემით იწყება, რადგან ზურა ჩემი ძმაკაცი იყო – მე ვიყავი მაგ ფესტივალის იდეის ავტორი – და ახლა უკვე მთელი მსოფლიო პატივს სცემს და მისდამი მიძღვნილ სპექტაკლს თვითონ აფინანსებს. თეა კიდევ გოგა ხაინდრავას აფინანსებს. აი, რატომ არის სალანძღავი პირველ რიგში.. არ მინდოდა ღმერთი, რჯული – მაგრამ მოხუცი ხალხის – გაჭირვებული ხალხის ასე მიწაში ჩადებას ვერ ვაპატიებდი. ესაა და ეს”, – წერს ირაკლი კაკაბაძე.
წყარო: „ნეტგაზეთი„
0
0