24/02/2023
15:18
პოლიტიკა
„ვიცოდით და ვიცით - ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ცალ-ცალკე დავმარცხდებით, ზუსტად ამიტომ იბრძვიან ქართველი მებრძოლები ფრონტის წინა ხაზზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 1 წლის თავთან დაკავშირებით განაცხადა.
„ერთი წელი გავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, თუმცა რთულია ამას უწოდო რუსეთის აგრესიისა ან რუსული ომის დასაწყისი. 24 თებერვალს გაგრძელდა რუსული იმპერიალისტური მისწრაფებების სასტიკი და თავხედური განხორციელება.
გაგრძელდა ის საბჭოთა ქმედება, რაც ნანახი გვაქვს ბევრგან, მათ შორის საქართველოში მრავალჯერ, გაგრძელდა არნახული მასშტაბისა და სისასტიკის ტერორიზმით, რომელსაც პუტინი ამართლებს მშვიდობის სახელით, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ეთანხმება პუტინს და ომში უკრაინას ადანაშაულებს.
ამ ომით არაფერი გაგვიგია ახალი რუსეთზე - თუმცა ბევრი გავიგეთ მებრძოლ და ამაყ უკრაინელებზე. ეს იყო პატრიოტიზმის, გმირობის, ერთობის წელი უკრაინაში და ეს იყო წინააღმდეგობის მაგალითი ცივილიზებული სამყაროსათვის.
ეს იყო წელი რომელმაც სამყარო გაყო შავად და თეთრად, კეთილად და ბოროტად, წელი რომელმაც ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი.
კიევი სამ დღეში უნდა დაცემულიყო - ასეთი იყო რუსული წინასწარმეტყველება, თუმცა დღეს კიევი დგას და დგას ამაყი როგორც არასდროს, დგას ამ ბრძოლაში ბევრ მეგობართან, გულშემატკივართან ერთად და აძლევს მათ თავისუფლებისა და ამ თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითს!რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს და არა მხოლოდ უკრაინის მტერია, არამედ არის ცივილიზებული სამყაროსა და თავისუფლების იდეის მტერი, უკრაინის ომი კი ყველას ომია - ვისთვისაც თავისუფლება ღირებულებაა;
ქართველი ხალხი ომის პირველი დღიდან იდგა უკრაინელების გვერდით და ამ ცივილიზაციურ ომს საკუთარ ომად აღიქვამდა, ვიცოდით და ვიცით - ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ცალ-ცალკე დავმარცხდებით, ზუსტად ამიტომ იბრძვიან ქართველი მებრძოლები ფრონტის წინა ხაზზე, იცავენ საქართველოსა და თავისუფალი სამყაროს საზღვარს ბოროტებისგან!
უკრაინა გაიმარჯვებს, თავისუფლების იდეა ვერ დამარცდება - გმირული ბრძოლის წელი აუცილებლად სახელოვანი გამარჯვებით დასრულდება და ამით დასრულდება იმპერიალისტური რუსეთი“, - აცხადებს მელია.
0
0