25/03/2024
23:15
სხვადასხვა
ჩვენ ვიცით, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, რომელთა იდეოლოგიასაც საუკუნეების განმავლობაში თავად ისლამური სამყარო ებრძვის. ახლა გვაინტერესებს, ვინაა დამკვეთი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა საგანგებო თათბირზე, რომელიც ტერაქტის საპასუხოდ მიღებული ზომების განხილვას ეძღვნებოდა.
პუტინის თქმით, ახლა აშშ ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ ამ ტერაქტის უკან უკრაინული კვალი არ არის.
„ჩნდება კითხვა, ვის აწყობს ეს? ეს ბოროტება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი რგოლი მცდელობების მთელ ჯაჭვში მათ მხრიდან, ვინც 2014 წლიდან ჩვენს ქვეყანას კიევის ნეონაცისტური რეჟიმის ხელებით ებრძვის. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს: რატომ ცდილობდნენ ტერორისტები უკრაინაში გაქცევას და ვინ ელოდებოდა მათ იქ“, - აღნიშნა პუტინმა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. გარდაიცვალა 137 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი,
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
0
0