
ევროკავშირი მკაცრად გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტების მიერ დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმებს და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს.
ეს კომენტარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სეპარატისტებმა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება გადაწყვიტეს ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.
"ევროკავშირი მკაცრად გმობს ამ დაგეგმილ უკანონო "რეფერენდუმებს", რომლებიც ეწინააღმდეგება უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, არღვევს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს. ასეთი ქმედებების შედეგები ბათილად იქნება და არ იქნება აღიარებული ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ...
რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს ამ "რეფერენდუმებში" და უკრაინაში მომხდარ საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში, პასუხს აგებენ და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდველი ზომები განიხილება"- განაცხადა ბორელმა.
დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, ამის შესახებ განცხადებას ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა, დენის პუშლინმა 20 სექტემბერს გააკეთეს.
0
0