
საპარლამენტო უმრავლესობა ბრიუსელიდან დღეს დადებითი შეფასების მოლოდინშია და ამბობს, რომ ქვეყანა სტატუსს საბოლოოდ დამსახურებულად მიიღებს. მმართველი გუნდი სამომავლოდ რეფორმებზე მუშაობისთვისაც მზადყოფნას გამოთქვამს. აქვე აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნწილის პროვოკაციული გეგმები ვერ განხორციელდება და ქვეყანა განვითარებასა და წინსვლას განაგრძობს.
"ბოლო წუთამდე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, რათა შეიქმნას ვითარება, როდესაც სტატუსის არ მიღების გამო დაირაზმება ხალხი და დესტაბილიზაციის სტრატეგიული გეგმა განვითარდება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდი ხანია ჯიბით ატარებს. მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ დამსახურებით, რაც საქართველოს გააჩნია. ეს უნდა დაინახოს ევროკომისიამ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, დიმიტრი ხუნდაძე პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს.
"მოლოდინი არის პოზიტიური, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ეს მოლოდინი გამქრალიყო, რომ ის სამუშაო, რაც მმართველმა გუნდმა აწარმოა საზოგადოების დაკვეთით, არ მისულიყო კონკრეტულ შედეგამდე, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ისინი კიდევ ერთხელ დარჩებიან გაწბილებული და საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ამისათვის, კიდევ არის გარკვეული რეფორმები განსახორციელებელი და მმართველი გუნდი ამაზე არასოდეს უარს არ ამბობს," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის შუალედური დასკვნის გასაჯაროებამდე რამდენიმე საათი რჩება. გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კი ევროპულმა საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
0
0