
თქვენდა სამარცხვინოდ, სხვათა შორის, ამ საქმეში ჩადებული გაქვთ ის ხარჯები, რომლებიც ჩვენ გავიღეთ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დროს, სადილის და გამასპინძლების ხარჯები. ტრამპმა ამის შესახებ იცის და, ვფიქრობ, ამერიკის მხრიდანაც მოგეთხოვებათ პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ეს არის ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება.
„არა მხოლოდ ჩემი და საქართველოს დაცინვა, არამედ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება, მისი დაცინვაა, რომ თქვენ მისი გამასპინძლების ხარჯებს მითვლით სისხლის სამართლის დანაშაულში. მერე ვეღარ იტყვით, რომ პატარა კაცები ვიყავით და არაფერი შეგვეძლოო. ამერიკის პრეზიდენტსაც ასამართლებთ თქვენ დღეს, მოქმედ პრეზიდენტს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საპრეზიდენტო ოფისმა თანხები დახარჯა, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენის, ჰილარი კლინტონის გამასპინძლებაზე.
„თქვენ მადანაშაულებთ იმაში, რომ რვა მილიონი ლარის ზიანი მივაყენე საქართველოს, გავფლანგე ფული. მადანაშაულებთ იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ოფისმა ფული ძირითადად დახარჯა, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენის, ჰილარის გამასპინძლებაზე, საჩუქრებზე, მათ შორის კუძნულოვანი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებზე, რათა მათთან გაგვემყარებინა კავშირი, რომ არ ეღიარებინათ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რუსეთი მილიონებს ხარჯავდა, ჩვენ უბრალოდ კეთილი ნების იმედი გვქონდა, მაგრამ რაღაც საჩუქრებს ვჩუქნიდით. ამისთვის მომიხდა ორჯერ სპეციალურად ჩასვლა აზიაში, მათთან შეხვედრა, შესაბამისად, ფორმალური, დიპლომატიური, ფასიანი საჩუქრების გაცვლა. თქვენ ახლა ეს ყველაფერი გამოამზეურეთ, რადგან რუსეთის ინტერესებშია გამომზეურება. ეს გასაიდუმლოებული იყო ერთადერთი მიზეზით, დაცვის სამსახურმა ასე გადაწყვიტა, რომ რუსეთს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, თვალყური ედევნებინა, ვის ვხვდებით, როგორ ვხვდებით, სად ვხვდებით, სად გადავაადგილდებით, რადგან ჩვენ ვიმყოფებოდით ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
0
0