02/04/2024
16:55
პოლიტიკა
"ვეტინგის“ თემაზე მთელი ოპოზიცია რიგშია და ყველა ითხოვს, რომ გამოსავალი დღეს აქ და ახლა არის „ვეტინგი“. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ საკითხს, ამ შემთხვევაში ოპოზიციისგან განსხვავებული აზრი გვაქვს, მხოლოდ არა იმ გამოგონილი არგუმენტებით, რომ თითქოს „ვეტინგი“ სუვერენიტეტში ჩარევაა და როგორ შეიძლება ქართველი მოსამართლე შეაფასოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა და ასე შემდეგ. ჩვენ „ვეტინგს“ ვეწინააღმდეგებით რამდენიმე არგუმენტით“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ.
მისი თქმით, „ვეტინგის“ შემოღება ვერ მოიტანს სისტემურ ცვლილებას, რადგან „ვეტინგის შემთხვევაში შეიძლება საჩვენებლად დაისაჯოს რამდენიმე მოსამართლე, მაგრამ სისტემა დარჩება იგივე.
ჰერმან საბოს განცხადებით, „ვეტინგი“ ერთჯერადი ტალახის ჩამორეცხვაა, თუმცა ამ ერთჯერადი ქმედებით სისტემას ლეგიტიმაცია და ნდობა ვერ დაუბრუნდება. მისივე აზრით, მიუხედავად იმისა, რომ „ვეტინგის“ შემთხვევაში ეს ყველაფერი უცხოელი ექსპერტებით შეიფუთება, საბოლოო გადაწყვეტილებას თუ ვინ დარჩეს სისტემაში და ვინ - არა, პოლიტიკოსები მიიღებენ.
„ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები სასამართლოს უნდა შევეშვათ. ხელიდან ვერ ვუშვებთ სასამართლოს, ვერ ვთმობთ ამხელა ძალაუფლებას და იმისთვის, რომ ჩვენს სასამართლოს რამე მაინც ეშველოს, საჭიროა ამ სისტემაში ადამიანობა და ნდობა შემოვიტანოთ. ამის რამდენიმე გზა არსებობს - ყველა მათგანი იქნება კონკურენციის და ადამიანური ნდობის შემომტანი“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
მანვე ოპოზიციის წევრებს მიმართა.
„ძვირფასო ოპოზიციავ, სიმართლე და მორალური არგუმენტი ჩვენკენ არის და თქვენ მთავარ არგუმენტად ის გაქვთ დარჩენილი, ამით „ქოცები“ ისარგებლებენო“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
0
0