
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, იგი ქუთაისს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის დირექტორმა, შეხვედრები გამართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, შალვა კირთაძესთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან, პაატა ტურავასთან და ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორთან, გოჩა თუთბერიძესა და ამ უნივერსიტეტების მმართველ რგოლებთან.
შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძემ მასპინძლებს წარუდგინა პრეზენტაცია და ისაუბრა სამსახურის ინსტიტუციური განვითარების დინამიკაზე, ყველა იმ პროგრამაზე, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსა და, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების, კერძო სექტორის მხარდაჭერით, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად და საზოგადოებაში ვეტერანთა მეტად ინტეგრაციისთვის ახორციელებს. ხაზი გაესვა ვეტერანთა ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსის მიზნობრივად გამოყენების როლს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პროცესში; ახალგაზრდების, საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში ვეტერანთა ღვაწლის დაფასებასა და ამ ბრძოლებში დაღუპულთა სახელების უკვდავყოფაში; მომავალი თაობებისთვის კვალიფიციური განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდობის როლს, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში.
მასპინძლებმა განაცხადეს, რომ მათთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, საზოგადოების გამორჩეული და ღირსეული ნაწილის_ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა თანადგომა; აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებას, ვეტერანთა და მათი შვილების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით; გამოთქვეს სურვილი, რომ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად, სამსახურის დირექტორმა და ქვეყნის წინაშე დამსახურებულმა ვეტერანებმა,უნივერსიტეტის სტუდენტებს პერმანენტულად ჩაუტარონ ლექციები საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებებისა და იმ გმირების შესახებ,რომლთაც ძალისხმევა და სიცოცხლე არ დაიშურეს სამშობლოსათვის.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის -100, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის- 3, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 18 სტუდენტის თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა-ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა;
სამსახურის დირექტორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან შეხვედრებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანი გახლავთ სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება.
მემორანდუმით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამ მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას გეგმავს, ქვეყნის მასშტაბით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025