
„1. ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპებს, ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთსა და მის თანამზრახველ ბელარუსს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ომზე. პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებზე. ამ მხრივ, მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, მთლიანად გაიყვანოს თავისი ჯარი, უზრუნველყოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება, პატივი სცეს მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
2. ვაფასებთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავიანთი ქვეყნისა და ჩვენი საერთო ღირებულებების თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინაში დემოკრატიის აღდგენას, როგორც კი რუსეთი თავდასხმებს შეწყვეტს. მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე - დავაწესეთ მკაცრი სანქციები და ასევე, მზად ვართ სწრაფად მივიღოთ დამატებითი ზომები.
3. უკრაინაში მიმდინარე ომს უამრავი ადამიანი გაურბის. უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს ვთავაზობთ დროებით თავშესაფარს. დადებითად ვაფასებთ ევროპული ქვეყნების (განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოების) მიერ გამოხატულ უდიდეს სოლიდარობას უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობის თვალსაზრისით. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყველა ლტოლვილსა და მათ მასპინძელ ქვეყნებს ჰუმანიტარულ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს ლტოლვილთათვის თანხების შეუფერხებლად ხელმისაწვდომობას. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა, ასევე, უსაფრთხო გადასასვლელი იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს.
4. ევროსაბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს მითითებულია ასოცირების ხელშეკრულებაში. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა წარადგინა ქვეყნის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის სვლას ევროპულ გზაზე. უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია.
5. საბჭომ ასევე მოიწვია კომისია მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადების შესახებ საკუთარი დასკვნების წარსადგენად,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
0
0