
მე ვუთხარი არ იხმაუროთ-თქო. ეგ იყო სულ და მერე გაგრძელდა....დედისთვის ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს [შვილი] მომკვდარიყო და ის [ბავშვი] ცოცხალი ყოფილიყო, - ამის შესახებ ვერაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედამ, დოდო ოდიშარიამ განაცხადა.
კაპანაძის დედის თქმით, შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა.
მისი თქმით, იარაღები შვილს იმ პერიოდამდე ჰქონდა კანონიერად გაფორმებული, სანამ ფსიქიკური პრობლემები დაეწყებოდა.
დედის თქმით, რამდენიმე წლის წინ შვილმა აგრესია მის მიმართაც გამოავლინა - ავეჯს ამტვრევდა. მაშინ მან პოლიციას სთხოვა, იარაღები წაერთმიათ, რადგან მისი შვილი ფსიქიკურად კარგად არ იყო. პოლიციამ იარაღები დროებით წაიღო, თუმცა მოგვიანებით უკან დაუბრუნა.
„იარაღი გაფორმებული ჰქონდა. სანამ ფსიქიატრიული პრობლემები ექნებოდა, მანამდე ჰქონდა გაფორმებული. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა ჩემს მიმართაც დაიწყო ... ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღები-თქო. წაიღეს და უკან დააბრუნეს. ზუსტად ვერ გეტყვით 4-5 წლის წინ მოხდა. ისე სამი იარაღი აქვს, რომელიც გაფორმებული აქვს ძველი, ხმარებაში ახლა ერთი ჰქონდა.
იწვა კლინიკაში თემქაზე. ისე გავაჩერე აბა? წამალი გერმანიიდან ჩამოჰქონდათ, აქაური წამალი მაგისთვის არ მიმიცია. 800 ევროს ვიხდიდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის კაცს მოკლავდა", - აცხადებს დოდო ოდიშარია.
მისი თქმით, შვილი სახლში იარაღით იყო ჩაკეტილი და პოლიციას შიგნით არ უშვებდა. სპეცრაზმს სთხოვდა თავად მისულიყო შვილთან, რადგან არ უნდოდა კიდევ ერთი ადამიანი დაღუპულიყო.
„იარაღით იყო სახლში. პოლიციას არ უშვებდა. მე საერთოდ გამომიყვანეს. საშინელი ხმა იყო. იარაღის ხმა არ იყო, რაღაც საშინელი იყო. სპეცრაზმელები იყვნენ. ვუთხარი მათ კარებთან არ მისულიყვნენ და მე მივეშვით. ერთი მკვდარი ხომ არის, მეორე არ მინდა-თქო. არ გამაჩერეს, არაო.
მე ვუთხარი არ იხმაუროთ-თქო. ეგ იყო სულ და მერე გაგრძელდა იქით. ის ბავშვი არ მომკვდარიყო. დედისთვის ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო“, - განაცხადა დოდო ოდიშარიამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბარში.
0
0