03/10/2024
21:19
არჩევნები 2024
ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა აქ შეკრების, სხვადასხვა საკითხზე საუბრის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერით არის შესაძლებელი ყველა წინაღობის დაძლევა.
„მიხარია, ვუერთდები მხარდამჭერთა კლუბის გახსნის მილოცვებს. ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა შეკრების, სხვადასხვა საკითხზე საუბრის. უამრავი მხარდამჭერი გვყავს, ადამიანები, რომლებიც პარტიის წევრები არიან და ისინიც, ვინც გვგულშემატკივრობენ და მხარს უჭერენ იდეოლოგიას, რაც ჩვენი მხრიდან არის გაჟღერებული. დღეს ყველა ვხედავთ, რა მოცემულობის წინაშე დგას ქვეყანა. მარტივია, ადამიანმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, სამშობლოზე. რა არის ამის მიზეზი? ორი მიზეზი არსებობს – ერთი ის, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში და მეორე – არ შევუერთდით სანქციებს. ერთიც და მეორეც დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ხალხმა აგვირჩია და ვართ ხელისუფლებაში, რადგან გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას. რაც არ უნდა მუქარები, შეტევები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო გააქტიურდება ეს აბსურდული განცხადებები. ამის არ შეგეშინდეთ, კიდევ უფრო მეტი სიბინძურე წამოვა, აქ ვართ გამარჯვებულები, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა. სიმართლით ვართ შეიარაღებული. ვერავინ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. ნურავის ჰგონია, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ ამ თავისუფლებას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას დავთმობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი დღეს დაფუძნდა. მას ექიმი თეიმურაზ მიქელაძე უხელმძღვანელებს.
0
0