04/04/2023
20:38
პოლიტიკა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილისთვის 5 წლის მისჯას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გოგაშვილი პოლიტპატიმარია.
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი განცხადების გაკეთება დამჭირდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, იოსებ გოგაშვილი დღეს არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი და მისთვის დღეს გამოცხადებული ხუთწლიანი ციხე პირადად ივანიშვილის განკარგულებითაა გადაწყვეტილი.
მოვუწოდებ ბატონ იოსებს, დროულად თქვას ყველაფერი იმ უბედურებაზე, რასაც რეჟიმი სჩადის და გეგმავს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს აუცილებელია ქვეყნის თავზე დაგროვილი საფრთხეების დროული განეიტრალებისათვის“, - წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სოსო გოგაშვილი 2022 წლის 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
0
0