
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება ლაზარეს დედა, რომელიც ამბობს, რომ “სამართლიანობის განცდა არ აქვს”.
დედისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა ის “დამამცირებელი განცხადებები, რომლებსაც მაღალი თანამდებობის პირებმა მისი შვილის მისამართით აკეთებენ":
“ძლივს გავძელი, ველოდი რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ბოლო პიკში გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. სამართალს ვერ ვგრძნობ ამ პროცესებთან დაკავშირებით, ვერ მივხვდი რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში. ყველაზე მძიმე ეგ ფაქტი როდესაც ვუყურებდი რას ამბობდენენ ლაზარეზე, ჯერ ვერ დავიჯერე, ხუმრობა მეგონა და სიცილი ამიტყდა, მერე რომ დავრწმუნდი, რომ ასეა. შეუფერებელია, რომ თანამდებობის პირი, რომელსაც ჰყავს შვილები, გინდაც არ ჰყავდეს, მსგავს რაღაცებს ლაპარაკობდა ჩემ შვილზე” - ამბობს თამთა კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0
0