
კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია მივიდა, რომელმაც გავრცელებული, სააკაშვილის ფოტოების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, ფოტოების გავრცელება დაუშვებელი იყო, რადგან ეს ფოტოები ახლანდელ რეალობას არ შეესაბამება.
"ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, მან არაფერი იცოდა, მეც არაფერი ვიცოდი. ვერ გავიგე ამ ფოტოების გავრცელება რას ემსახურება. ეს ფოტო არ ასახავს იმ რეალობას, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ადამიანი არის იმის ლანდი, რაც იმ ფოტოში იყო,"- აცხადებს გიული ალასანია.
მიხეილ სააკაშვილის არ შემდგარი სასამართლო პროცესის შემდეგ საქმის მოცულობა კიდევ უფრო იზრდება. უკვე არსებულ მასალებს დამატებითი მტკიცებულებებიც დაერთო, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, ამის შესახებ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს.
მისი ინფორმაციით, საქმეში სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული დასკვნაც დევს. მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, რომ შემდეგ სხდომაში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა სააკაშვილის ეტაპირება ვერ მოხერხდეს, რის გამოც მოუწევს დისტანციურად დაესწროს პროცესს.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ექსპრეზიდენტის ფოტოები, რომლებიც გავრცელდა, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს არის გადაღებული და ახლა სააკაშვილის მდგომრეობა გაცილებით მძიმეა.
მიხეილ სააკაშვილის შემდეგი პროცესი 14 დეკემბერს ჩაინიშნა, სწორედ ამ სასამართლო სხდომაზე გაირკვევა გაათავისუფლებენ თუ არა ექსპრეზიდენტს და მისცემენ თუ არა უფლებას საზღვარგარეთ იმკურნალოს.
0
0