
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული არმია უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდანაც, უნდა განდევნილიყო.
თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, დასავლელი ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინას რუსული სამხედრო ძალების მოგერიებაში, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის 2014 წელს რუსეთის მიერ პირველად ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაც სურს.
Financial Times-თან საუბრისას ზელენკსიმ აღნიშნა: „ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა მიწა... იმიტომ, რომ მე მჯერა, რომ ბრძოლის ველი არის გზა, როდესაც არ არსებობს დიპლომატია. თუ შენს მიწას სრულად ვერ დაიბრუნებ, ომი უბრალოდ „გაყინულ“ ფაზაშია. მისი განახლება დროის საკითხია."
მან ასევე აღიარა, რომ ყირიმის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დგება.
"მე მესმის, რომ ყველა დაბნეულია სიტუაციით და ყირიმის ბედით. თუ ვინმე მზად არის, შემოგვთავაზოს არასამხედრო ხერხი ყირიმის დეოკუპაციისთვის, მე მომხრე ვიქნები", - განაცხადა ზელენსკიმ.
"თუ გამოსავალი [არ ითვალისწინებს] დეოკუპაციას და [ყირიმი] რუსეთის ფედერაციის ნაწილია, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე. ეს დროის კარგვაა."
როგორც გამოცემა წერს, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრისას ცოტას ეგონა, რომ უკრაინას ყირიმის დაბრუნების რაიმე შანსი ჰქონდა რუსეთის რვაწლიანი მმართველობის შემდეგ. უკრაინელი ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ (თუმცა არცთუ ისე „მტკიცედ“), რომ შეძლებდნენ ყირიმის დაბრუნებას. ახლა კი, როდესაც რუსული სამხედრო ძალები კარგავენ ტერიტორიას სამხრეთ უკრაინაში, ყირიმის აღდგენის პერსპექტივა ჩნდება - თუმცა არა უახლოეს მომავალში.
როგორც ჩანს, ზელენსკის შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით გამკაცრდა - აგვისტოში მან განაცხადა: „ყველაფერი ყირიმით დაიწყო და ყველაფერი ყირიმით დასრულდება“.
0
0