
CNN-ის ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ის მზად იქნება სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა წელიწადნახევარში დატოვოს.
„შეერთებულ შტატებთან არაფორმალური მოლაპარაკებების დროს მადურომ განაცხადა, რომ ის, საბოლოოდ, მზადაა გადადგეს, მაგრამ არაუადრეს 18 თვისა. ვენესუელას წარმომადგენლები და თავად მადურო სხვადასხვა არხებით დაუკავშირდნენ შეერთებულ შტატებს ქვეყნებს შორის შესაძლო კონტაქტებთან დაკავშირებით“, - იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით.
The Wall Street Journal-მა, წყაროებზე დაყრდნობით, მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საუბრის დროს ტრამპმა მადუროს განუცხადა, რომ თუ ის ნებაყოფლობით არ დატოვებდა თანამდებობას, შეერთებული შტატები მის მიმართ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის ძალის გამოყენებას“.
თავის მხრივ, The New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპს მადუროსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მასთან პირადი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილა.
„საუბარი კვირის ბოლოს შედგა. მათ აშშ-ში პირადი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს“, - წერს გამოცემა.
ტრამპმა დაადასტურა მადუროსთან სატელეფონო საუბრის ფაქტი, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
„არ მსურს, ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ პასუხია „დიახ“. არ ვიტყვი, საუბარმა კარგად ჩაიარა თუ ცუდად. ეს იყო სატელეფონო ზარი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს კითხვაზე, ესაუბრა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი მადუროს.
0
0