
ვენესუელის მთავრობამ, ოპოზიციის ლიდერ მარია კორინა მაჩადოს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოებიდან რამდენიმე დღეში, ოსლოში თავისი საელჩოს დახურვის შესახებ განაცხადა. განცხადებაში მაჩადოსთვის პრემიის მინიჭებაზე კომენტარი არ არის ნახსენები და ნათქვამია, რომ საელჩოს დახურვა მისი საგარეო სამსახურის რესტრუქტურიზაციის ნაწილია.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კარაკასმა, მიზეზის დასახელების გარეშე, ოსლოში თავისი საელჩო დახურა. სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა.
„რამდენიმე საკითხზე ჩვენი უთანხმოების მიუხედავად, ნორვეგიას სურს ვენესუელასთან დიალოგის ღიად შენარჩუნება და ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. ნობელის პრემია ნორვეგიის მთავრობისგან დამოუკიდებელია“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.
როგორც BBC-ი წერს, მაჩადო წლების განმავლობაში მადუროს წინააღმდეგ იბრძოდა, რომლის 12-წლიან მმართველობას ბევრი ქვეყანა არალეგიტიმურად მიიჩნევს. 2025 წლის განმავლობაში, ის იძულებული გახდა, მიმალვაში ეცხოვრა. მაჩადომ BBC -ს განუცხადა, რომ ჯილდოს გადაცემა მისი პოლიტიკური მოძრაობისთვის „ინექციასავით“ იყო.
„ეს ვენესუელელ ხალხს ენერგიას, იმედსა და ძალას აძლევს, რადგან ჩვენ ვხვდებით, რომ მარტო არ ვართ“, - თქვა მაჩადომ.
კარაკასმა ასევე დახურა თავისი საელჩო ავსტრალიაში, ხოლო ზიმბაბვესა და ბურკინა ფასოში ახალი საგუშაგოები გახსნა, რომლებსაც მთავრობამ „ჰეგემონიური ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლაში“ „სტრატეგიული პარტნიორები“ უწოდა.
0
0