01/08/2023
10:56
მსოფლიო
გაეროს საერთაშორისო კულტურული სააგენტოს განცხადებით, ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას უნდა დაემატოს.
იუნესკოს ანგარიშის მიხედვით, იტალიის საკულტო ქალაქს "გარდაუვალი" ზიანი ემუქრება ტურიზმის განვითარების გადაჭარბებული სტატისტიკისა და ზღვის დონის აწევით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო. გაეროს კულტურული სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს ტერიტორიის შენარჩუნებას.
„ვენეციის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი "დეტალურად გაეცნობიან" იუნესკოს ინიციატივას, ხოლო ამის შემდეგ საკითხი იტალიის მთავრობასთან ერთად განიხილება,“ - წერს Reuters-ი.
იუნესკო იტალიის ხელისუფლებას „სტრატეგიული ხედვის არქონაში“ ადანაშაულებს, რომელიც იტალიის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ისტორიული ქალაქის პრობლემების გადასაჭრელად არის საჭირო.
ვენეციის ყოფილმა მერმა მასიმო კაჩიარიმ კი საერთაშორისო მემკვიდრეობის სააგენტო "მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფინანსურად მფლანგველ და უსარგებლო უწყებად დაასახელა".
„იუნესკოს ცოდნის გარეშე გამოაქვს დასკვნები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი მოსაზრებები უგულებელვყოთ. ისინი არ გვაფინანსებენ, რომ ცვლილებები განვახორციელოთ, მხოლოდ გვაკრიტიკებენ... თითქოს ვენეციას იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობისთვის სჭირდებოდა! ჩვენ გვჭირდება მეტი მოქმედება და ნაკლები ლაპარაკი," - განაცხადა მასიმო კაჩიარიმ.
იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ვენეციის ჩართვის შესახებ ჯერ კიდევ ორი წლის წინ განაცხადა, თუმცა, მისი ინიციატივა იტალიის მთავრობამ თავიდან აიცილა. კერძოდ, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სან-მარკოს არხზე საკრუიზო გემების მოძრაობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ქალაქის კონსერვაციის ამბიციური გეგმის განხორციელება. იუნესკო თვლის, რომ „საკრუიზო გემების გარდა, არხზე გემების სხვა მოდელების მოძრაობაც უნდა აიკრძალოს, რომლებიც ძალიან აბინძურებენ გარემოს. თუმცა „ვენეციის გადარჩენის გეგმა“ არასოდეს განხორციელებულა და მირაჟად დარჩა“.
იტალიური გაზეთ la Repubblica-ს ცნობით, იუნესკოს ექსპერტებმა იტალიის მთავრობას ზომების მიღებისთვის განრიგის შედგენის მოთხოვნით რამდენიმე წერილი მისწერეს. ექსპერტებმა მიღებული პასუხები არასაკმარისად ჩათვალეს. იუნესკოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებას, რომელიც ქალაქში საგანგებო სიტუაციებს აგვარებს, არ გააჩნია სტრატეგია კლიმატის ცვლილებისგან მოსალოდნელ საფრთხესთან გასამკლავებლად. აღსანიშნავია, რომ პლანეტის გლობალური დათბობა ზღვის დონის აწევას იწვევს, ამიტომ ვენეცია, რომელიც წყლით არის გარშემორტყმული, წყალდიდობის საფრთხისგან ძალიან დაუცველია.
გარდა ამისა, ვენეციას ყოველწლიურად დაახლოებით 28 მილიონი ტურისტი სტუმრობს. შესაბამისად, ხორციელდება უფრო და უფრო მეტი ურბანული გაფართოების პროექტი, რაც, თავის მხრივ, აზიანებს ქალაქს,“ - წერს იუნესკო.
სხვა საკითხებთან ერთად, იუნესკო თვლის, რომ მაღალსართულიანი შენობები „მნიშვნელოვან ნეგატიურ ვიზუალურ გავლენას ახდენს“ ქალაქზე და ისინი ქალაქის ცენტრიდან შორს უნდა აშენდეს.
0
0