
ნანუკა ჟორჟოლიანის აქტივობები პირდაპირ დაკავშირებული იყო დანაშაულის წახალისებასთან, მფარველობასთან, პოლიციელებზე, პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმის ორგანიზებასთან. ეს ფონდი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შავი ყულაბა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ ფონდების შექმნის მიზანი დესტრუქციის და რევოლუციური სცენარების დაფინანსება იყო.
„ქველმოქმედების შეფუთვით აკეთებდნენ რევოლუციებს. ახალგაზრდობის მუხტი გამოიყენეს ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებისთვის და ასე შემდეგ.
რა ვიცით ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდთან დაკავშირებით თავად საჯარო წყაროებიდან? დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა მაღალ დონეზე ჩაატარებს ამ პროცესს და მტკიცებულებით ნაწილში დაასაბუთებს იმ ბრალდებას, რის მიხედვითაც აღნიშნული ფონდი დააყადაღეს. მაგრამ მოდით გავიხსენოთ, რა ვიცით საჯაროდ, რა არის ცნობილი ამ ფონდთან დაკავშირებით? მხოლოდ ეს ფონდი არ არის. იცით რამდენიმე სხვა ორგანიზაციაა, რომელიც ვითომ ქველმოქმედების, ვითომ აქტივის დაცვის საფარქვეშ ყველაზე მავნებლურ მოქმედებებს ახორციელებდა?! ნანუკა ჟორჟოლიანის აქტივობები პირდაპირ დაკავშირებული იყო დანაშაულის წახალისებასთან, მფარველობასთან, პოლიციელებზე, პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმის ორგანიზებაზე. აქციები შემთხვევით არ კეთდება ხოლმე. აქციებს სჭირდება ადამიანების მობილიზება, ჩამოყვანა, კვება, სხვა და სხვა საჭირო ნივთით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. სწორედ ამ დანიშნულების იყო და ალბათ ყველას ადვილად გაგვახსენდება ის პოლიტიკური პროცესები და ის ქარცეცხლი, რომელშიც გახვიეს ქვეყანა. სწორედ ამ საფუძვლით იქმნებოდა და შეიქმნა ეს ფონდი და ირიცხებოდა თანხები.
მეორე კუთხით, ვიცით ვინ იყო ამ ფონდში შემომწირველები. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შავი ყულაბა. ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი იყო ნიკა გილაური, რომელიც ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის პროდუქტია. გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ასე ემოციურად გადაუხადა მადლობა შემოწირულებისთვის [ნანუკა ჟორჟოლიანმა], დამნაშავე არის ფინანსურ თაღლითობაში და მას მიესაჯა 11 წელი პატიმრობა. და სხვები და სხვები. აღარ ჩამოვთვლი.
მთლიანი დატვირთვა ამ აქციების, რაც გააკეთეს იყო, რომ თითქოს პოლიტიკისგან დაცლილი იყო და რაღაც ემოცია, ქველმოქმედებითი კომპონენტი შემოიტანეს. თუმცა თუ კარგად დაუკვირდებით სწორედ ასეთი ფონდები იყო პოლიტიკური პარტიების და იმ პოლიტიკური თამაშის იარაღები, ინსტრუმენტი, რომლითაც საზოგადოების, რაღაც ნაწილზე ზემოქმედებდნენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, USAID-ისა და NED-ის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ქველმოქმედება ხდებოდა ფასადურად და რეალური მიზნები იყო დესტრუქცია.
„აფინანსებდნენ მაგალითად, ფერმერებს, ქალებს, შშმ პირებს და ა.შ. მაგრამ ეს კომპონენტი მათ დაფინანსებაში იყო ზღვაში წვეთი. რეალურად, ყველაზე დიდი დაფინანსების წყაროები მიდიოდა დესტრუქციაზე, რევოლუციურ სცენარებზე, გადატრიალებაზე, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების არევაზე და მხოლოდ ფასადურად კეთდებოდა რაღაცა ნამდვილად ვითომ ქველმოქმედებითი. ზუსტად ასეთი შეფუთვა ჰქონდათ ამ ფონდებსაც, იგივე ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე ვიტყვი. ერთი-ორი შეჭირვებული ადამიანის დახმარებით უნდა აგვჩუყებოდა გული და დაგვვიწყებოდა და თითქოს რაღაც ჩრდილს მიღმა დარჩენილიყო ის მავნებლური პოლიტიკური საქმიანობა, რომელსაც ახორციელებდნენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
0
0