27/11/2023
23:50
საზოგადოება
ხვალინდელი ღონისძიება არის ისტორიული, ღირსშესანიშნავი ფაქტი, ვინაიდან წმინდა მიწაზე, წმინდა საყდარში პირველად გაიხსნება ქართული მოზაიკა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.
„ტრადიციულად, ისტორიულად, ვატიკანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია, გავიხსენოთ, რომ სხვადასხვა წლის განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, შარშან, როდესაც ჩვენ ვატიკანთან აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლის იუბილე. ყველას კარგად გახსოვთ ის ამაღელვებელი მომენტი, როდესაც სიქსტის კაპელაში გაისმა ქართული გალობა. ამ და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით ვთანამშრომლობთ წმინდა საყდართან. რაც შეეხება ღონისძიებას, რომელიც ხვალ იგეგმება, ეს არის ასევე ისტორიული, ღირსშესანიშნავი ფაქტი, ვინაიდან პირველად, წმინდა მიწაზე, წმინდა საყდარში გაიხსნება ქართული მოზაიკა. ეს არის ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.
მისი თქმით, ხვალინდელ საინაუგურაციო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო ვატიკანის მხრიდან ღონისძიებას დაესწრება ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს კარდინალი.
„ბუნებრივია, საპატრიარქოს დელეგაცია ასევე ძალიან აქტიურად არის ჩართული. მთელი პროცესის განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა მზადება, საპატრიარქო ძალიან აქტიურად იყო ჩართული პროცესებში. ასევე, საელჩო წმინდა საყდართან, ჩვენი ელჩის, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ – მუხრანელის ხელმძღვანელობით. რაც შეეხება კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით. ცხადია, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის მოვლენა, რომელიც შეიძლება, ითქვას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენი კულტურის, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით და განსაკუთრებით ისეთ ლოკაციაზე, როგორიც არის ვატიკანი. ეს ადგილი, რომელიც არის შერჩეული სპეციალურად ამ ფრესკის განსათავსებლად, არის საკმაოდ ცენტრალური და ტურისტების გამავლობა არის ძალიან მაღალი. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ცნობადობის გაზრდის მიმართულებითაც“, – განაცხადა თოთლაძემ.
მისივე თქმით, მოზაიკის მზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საპატრიარქო.
„საბოლოო გადაწყვეტილება თვითონ პანოს შექმნის შესახებ მიიღო საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა, რომელსაც თავად კათოლიკოს-პატრიარქი ხელმძღვანელობს. ასევე შერჩეული იქნა ძალიან ცნობილი ფერმწერი, ბატონი ბაკურაძე, რომელმაც არაჩვეულებრივად შეასრულა ეს ფრესკა. ყველანი ერთად ხვალ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ერთ მნიშვნელოვან, ისტორიულ დღეს საქართველოსთვის“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.
0
0