
რომის პაპს, მისივე ანდერძის შესაბამისად, წმინდა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
ანდერძის ტექსტი 2022 წლის 29 ივნისითაა დათარიღებული და მასში ნათქვამია, რომ "საფლავი უნდა იყოს მიწაში; მარტივი, განსაკუთრებული გაფორმების გარეშე, მხოლოდ ერთი წარწერით - ფრანცისკე".
კათოლიკური ეკლესიის მეთაური გუშინ, 88 წლის ასაკში, ვატიკანში, სანტა მარტას რეზიდენციაში გარდაიცვალა.
ბოლო თვეების განმავლობაში, პაპი ავად იყო, ებრძოდა ორმხრივ პნევმონიას. ორი დღის წინ, პონტიფიკოსი ბოლოჯერ გამოჩნდა მორწმუნეების წინაშე, წმინდა პეტრეს ტაძართან შეკრებილი მრევლი დალოცა და მათ აღდგომა მიულოცა, თუმცა, ფრანცისკეს ნაცვლად, ტრადიციული სააღდგომო მიმართვა არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. მისი ბოლო მიმართვაც მშვიდობისკენ იყო მიმართული. ტექსტში პაპი მსოფლიოს მოუწოდებს, უკრაინის ომი სამართლიანი მშვიდობით დასრულდეს, გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შეწყდეს ცეცხლი და "ჰამასმა" ისრაელელი მძევლები დააბრუნოს.
0
0