ფილიპინებში ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მხარეებს დასავლეთ ფილიპინების ზღვასთან დაკავშირებული „კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა“ და „საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ“ მოუწოდა.
„ასეთ კონფლიქტურ სიტუაციებში, უპირველესი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ნებისმიერი უთანხმოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ“, - განაცხადა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანმა, არქიეპისკოპოსმა პოლ გალაჰერმა.
„კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საერთაშორისო კანონმდებლობას და გამოიყენონ სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღებია“, - დასძინა გალაჰერმა.
როგორც Reuters-ი წერს, ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასავლეთ ფილიპინების ზღვის საკითხზე პირველად ისაუბრა.
გალაჰერის განცხადება ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დიალოგის შემდეგ გავრცელდა, რომელიც ცნობილია, როგორც ორმხრივი საკონსულტაციო მექანიზმი. მხარეებს შორის დიალოგი დასავლეთ ფილიპინების ზღვაში მომხდარი მრავალი ინციდენტის უშუალო განხილვის მიზნით შედგა.
„საერთაშორისო გამოწვევებისა და კონფლიქტების ფონზე, საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს სამყაროს შესანარჩუნებლად, რათა უთანხმოება მოგვარდეს მშვიდობიანად და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“, - განაცხადა ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენრიკე მანალომ, გალაჰერთან შეხვედრისას.
მანამდე კი, ფილიპინების საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გალაჰერი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფილიპინებს პირველად ეწვია ორ სახელმწიფოს შორის 72-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში. Vatican News-ის ცნობით, მთავარეპისკოპოსი გალაჰერი, მანილას სამოციქულო ნუნციატურაში, მონაწილეობას მიიღებს „პაპის დღის“ ყოველწლიურ ზეიმში, რომელიც წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულსაც უკავშირდება.
0
0