
ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა, ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, ამაში არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის შვილის, ვარდენ მაჭავარიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით წერს.
კერძოდ, ვარდენ მაჭავარიანი ვიდეოში აღნიშნავს:
„არ მინდა, ამ ახალგაზრდა ხალხს დავცინო, ან „ქოცი“ ვეძახო, ან რამე ცუდი ვთქვა. პირიქით, მინდა, ველაპარაკო, ისინიც გველაპარაკონ და რაღაცები იქნებ ავუხსნა. თან კარგად იცით, „ოცნების“ ახალგაზრდებო, რომ ჩემი სახით არ გელაპარაკებათ არც „ნაცი“, არც „აკაცუკი“, არც რადიკალი და არც ვიღაც მორიგი ხაზარაძე, გვარამია და ა.შ. თქვენხელა 24 წლის ბიჭი ვარ და მგონია, რომ ახალგაზრდა ხალხს ამ ქვეყანაში უნდა გვაერთიანებდეს ის, რაც არის ქვეყნის სიყვარული. არ გიფიქრიათ, რომ რეალურად არანაირი პროცესის მონაწილეები არ ხართ და მაგ შეხვედრებზეც იმიტომ გატარებენ, რომ უბრალოდ დარბაზი შეავსოთ. არა, ძმებო, მგონი, არანაირი საქმე არ გაქვთ ამ ყველაფერს რომ უყურებ. ისეთ ადგილას არ უნდა იყო, შენი სახელისა და გვარის თქმა რომ გიტყდებოდეს. თუ მართლა საქმე და პოლიტიკა გინდა, რავიცი, გამომყევი, ხალხს ველაპარაკოთ პრობლემებზე ან ბარიგების რეკლამების წასაშლელად, რა, ცუდი საქმეა რომელიმე? ტეხავს? ერთადერთი, ხელფასები არ არის ჩვენთან, „ოცნებისგან“ განსხვავებით, ხალხის ჩარიცხულით ვაკეთებთ იმ საქმეებს, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ზოგადად, ენთუზიამით ჯობია საქმის კეთება. ასევე, ამ პარტიას, რომლის წევრებიც ხართ, ან ხდებით, ამ ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის კარგი რომ უნდოდეს, დაფიქრდით, მმართველობის 14 წლიდან 14-ვე წელი ეყოლებოდათ ხან პრემიერი, რომლის სახლში პოულობენ ხალხისგან მოპარულ მილიონებს, ან „დიფ სთეითის“ ზარით დანიშნული აგენტები, ან კოკაიშნიკები, როგორც თავის ყოფილ თანაგუნდელებს თავადვე უწოდებენ „ოცნების“ წევრები. თუ არ მეთანხმებით და რაიმე კითხვები გაქვთ, არც ეგ არის პრობლემა, მე მზად ვარ სადებატოდ და სალაპარაკოდ. თან თვითონ ცოტნე ივანიშვილიც ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის დისკუსია და დებატები საჭიროა. ხოდა დაუჯერეთ და იქნებ ცოტნეც კი წამოვიდეს ამაზე თვითონ“.
ვარდენ მაჭავარიანის განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დებატებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებით მაჭავარიანის ყველა განცხადება ყალბია. ლიპარტელიანის თქმით, მაჭავარიანს ტელევიზიაში დებატებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა ისევე, როგორც ღია იყო მისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის ნებისმიერ შეხვედრაზე დასწრება, შესაბამისად, იმის აუცილებლობა, რომ მაჭავარიანთან რაიმე სპეციალური ფორმატი შეირჩეს დებატებისთვის, არ არსებობს.
„ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა, ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული.
დებატებზე საუბრობს და საზოგადოების წინაშე უნდა თავის წარმოჩენა, თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრეა. არადა ამ დროს, ვარდენ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ-მინისტრის მიწვევას გაექცა და ვერ გაბედა ტელეკომპანია „იმედზე“ დებატებში მისვლა, რისი გამართლებაც შემდეგ სასაცილო, აბსურდული სანქცირების მიზეზით ახსნა. ამის პარალელურად, გასული სამი თვის მანძილზე 11 მასშტაბური შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენს კონფერენციებს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე დაესწრო, იყო ბევრი კამათი, ბევრი დაძაბული დისკუსია. ვარდენ მაჭავარიანს ჩვენს ახალგაზრდულთან, მათ შორის ცოტნე ივანიშვილთან საუბარი თუ სურდა, რომელიც ჩვენს შეხვედრებს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, შეეძლო, ნებისმიერ შეხვედრაზე მოსულიყო, მოსულიყო მისი პარტიის წევრებთან ერთად და გამოეხატა ნებისმიერი პოზიცია ნებისმიერ თემაზე. ცხადია, ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა, რადგან ძალიან კარგად იცის, არაჯანსაღი პოზიციიდან ჩვენთან, მმართველი გუნდის ახალგაზრდებთან ყველანაირი კამათი მისთვის მარცხით დასრულდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყალბია ყველა მისი განცხადება, რომ აქვს მზაობა, მონაწილეობა მიიღოს დებატებში. მესმის მისი – რთულია, ითამაშო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლი, როდესაც პირდაპირ დაკავშირებული ხარ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან და მათ გაგრძელებას წარმოადგენ. არც იმის აუცილებლობას ვხედავ, რომ ვარდენ მაჭავარიანისთვის სპეციალური ფორმატების ძიება დავიწყოთ მასთან სადებატოდ.
ჩვენს ორგანიზაციას უახლოესი თვეების მანძილზე აქვს დაგეგმილი არაერთი პროექტი, მათ შორის ვაპირებთ, გავაგრძელოთ ახალგაზრდებთან დისკუსია ახალ, საინტერესო ფორმატში, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე, ვარდენ მაჭავარიანს ექნება საშუალება, კიდევ ერთხელ არ გაექცეს დისკუსიას და მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ დისკუსიებში, რომელიც განახლებული სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან მალევე შედგება“, – წერს ლიპარტელიანი.
0
0