
არ გამოვრიცხავ, მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს კიდევ წინ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს, ასეთი ტიპის განცხადებები ჩაახშობს საპროტესტო მუხტს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ „ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“. ამასთან, მერაბიშვილმა მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა.
„გაზაფხული უკვე საინტერესო გვაქვს და მგონი, არავინ არ ელოდა, რომ ასეთი საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება გვექნებოდა, ასეთი შედეგიანი. არ გამოვრიცხავ, მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს კიდევ წინ დარჩენილ თვეებში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს, ასეთი ტიპის განცხადებები უინტერესოს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას და ჩაახშობს საპროტესტო მუხტს.
რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა აკეთებს, ჩვენთვის არის მიუღებელი იმ გაგებით, რომ ისინი ეხმარებიან „ქართულ ოცნებას“, ძალაუფლება შეინარჩუნონ. ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებენ, რომ რაიმე საპროტესტო მუხტი თუ შეიძლება დაგროვდეს და გარდაიქმნას პოლიტიკურ შედეგში, ეს მუხტი ჩაახშონ. თეორიულად ჩემთან ვინმეს თუ ლაპარაკი უნდა, უარს არ ვეტყვი, მაგრამ ეჭვი მეპარება ჩვენ შორის რამე ტიპის თანამშრომლობა შედგეს", აცხადებს რაქვიაშვილი.
0
0