17/03/2023
12:16
პოლიტიკა
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე საჯაროდ, უკრაინულ მედიასთან გააკრიტიკა, ურთიერთბრალდებების რეჟიმი კვლავ გააქტიურდა.
გუშინ ეკა ხერხეულიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ტყუილი და დროში აცდენილი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ახლა ყოფილი ძალოვანის არა მხოლოდ პარტიულ პროცესებში ჩართულობა, არამედ პარტიული ცვლილებების ავტორობა არის დადასტურებული.
მოგვიანებით ეს პოზიცია ნიკა მელიამ საკუთარ გვერდზე გააზიარა.
"ვანო მერაბიშვილის განცხადებები იყო ტყუილი და აცდენილია დროსა და სივრცეს. იგი არათუ ჩართულია პარტიის მართვაში, იგი იყო ავტორი იმ მოვლენების, რაც პარტიაში მოხდა და რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია. ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებებმა ზიანი მოუტანა ისევ ნაციონალურ მოძრაობას. ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ისინი არჩევნების პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიხეილს სააკაშვილის გასათავისუფლებად უწყვეტ აქციებს ჰპირდებონენ. ჩვენ მხოლოდ ვნახეთ ათ კაციანი აქციები. ნიკა მელიას ბრალდებოდა, რომ დიდ აქციებს შლიდა. შეკრიბოს ახალმა მენეჯმენტმა დიდი აქცია და არ დაშალოს მიზნის მიღწევამდე და ცხადია ჩვენც დავდგებით იქ," - წერს ნიკა მელია.
საპასუხო კომენტარები გაკეთდა პარტიის მეორე ფრთაში, სადაც ვანო მერაბიშვილის საჯარო აქტიურობის ფონზეც ისევ იმას ირწმუნებიან, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულ პროცესებში არ მონაწილეობს.
"იმ ადამიანებს, ჩემი დიდი პასუხისმგებლობის მიუხედავად, ვინც თავიდანვე შიდა არჩევნებში ახსენებდნენ ვანო მერაბიშვილს, მე ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ეს იყო უტრირება და სპეკულაცია. ვანო მერაბიშვილი არის რიგითი მხარდამჭერი და პარტიის წევრი, რომელსაც სხვა არანაირი ბერკეტი პარტიაში მოვლენები მართოს არა აქვს ნამდვილად. სხვათა შორის ეს გამოაჩინა შიდა არჩევნებმაც. ვანო მერაბიშვილის პოზიცია არის პერსონალურად ვანო მერაბიშვილის პოზიცია და არ არის პარტიის პოზიცია. როდესაც ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, მგონია, რომ ყველამ თავისი პირადი სიმპათია და ანტიპათია უნდა შეინახოს თავისთვის," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა ანა წითლიძემ.
0
0