
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს.
ადვოკატების თქმით, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ გამოყენებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო.
დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა. როგორც საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენის როგორც, ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები კვლავ არსებობს.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ლაშა კლდიაშვილის განმარტებით, არსებითად მდგომარეობა არ შეცვლილა ისე, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულიყო.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.
მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.
0
0